Accessibility links

site logo site logo

ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით უწყვეტ პროტესტს აანონსებს


ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ ჟურნალისტებს ახალი სამოქმედო გეგმა გააცნეს. გეგმა ასეთია: ოპოზიცია, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, პროტესტის უწყვეტ ფორმაზე გადავა. პარტიების ლიდერები საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში ჩავლენ „მოქალაქეების ერთი იდეის ქვეშ დასარაზმად“, საპროტესტო აქციების ჩასატარებლად და მასშტაბური მიტინგის მოსამზადებლად, რომელიც თბილისში, 15 მაისს დაიგეგმა.

ოპოზიციის განცხადებით, პროტესტი ამჯერად განპირობებულია იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ღიად უარი უთხრა დასავლეთს“ და საქართველოს სხვა გზა აღარ დაუტოვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის მიერ თბილისში ჩატარებული მოლაპარაკებები „ქართული ოცნების“ „დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების“ გამო უშედეგოდ დასრულდა. პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც დღეს სრული ძალაუფლება გააჩნია, ზურგი შეაქცია ევროპას და უარი თქვა რომ დასრულებულიყო ქვეყანაში საშიშ ზღვრამდე მისული პოლარიზაცია და უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი“.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ კი თქვა, რომ ოპოზიციას სურდა ვადამდელი არჩევნები პოლიტიკური შეთანხმების შედეგად დანიშნულიყო. „თუ ეს არჩევნები არ დაინიშნება შეთანხმებით, ეს არჩევნები დაინიშნება იძულებით, იძულებით ხალხისგან, რომელიც გამოვა და იმოძრავებს, იმოძრავებს თავის სოფელში, თავის ქალაქში, თავის ქუჩებში, იქნება სრული პროტესტი და სრული დაუმორჩილებლობა“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

ოპოზიციის ამ განცხადებას წინ უძღოდა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. როგორც შუამავალმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა თქვა, საკითხების ნაწილზე ნაკლები პროგრესი იყო მიღწეული.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ცდილობდა "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევას ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, თბილისი დღეს, 19 მარტს, დილით დატოვა.

ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი 12 მარტიდან აგრძელებდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს, თბილისში დაწყებულ მედიაციის პროცესს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG