Accessibility links

logo-print logo-print

გარდაცვლილი ექთნის ოჯახი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს


28 წლის მეგი ბაქრაძე, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა, ადიგენის სოფელ ქვემო ენთელში გადაასვენეს.

სიკვდილის მიზეზის დასადგენად ცხედარს სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, თუმცა ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს.

გარდაცვლილის ახლობლები ეჭვობენ, რომ მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციის შემდეგ განვითარებულ გართულებაზე ახალციხის კლინიკა "იმედში" არასწორად უმკურნალეს. ოჯახმა ადვოკატი აიყვანა.

"ახლა ველოდებით ადვოკატს, რომელმაც გვითხრა, რომ დღესვე ჩამოვა და შევთანხმდებით დეტალებზე. ექსპერტიზა აქვე ჩაუტარდება. დღეს საღამოს ჩამოვა მეგის დედაც, რომელიც იტალიაში ემიგრანტია", - განაცხადა გარდაცვლილის მაზლმა მალხაზ კობახიძემ. მეგის მამა კი განმარტავს, რომ მის შვილს ახალციხეში დაგვიანებით უმკურნალეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

"აქვე იყო გარდაცვლილი, თბილისში უკვე მკვდარი ჩაიყვანეს, არ გვეუბნებოდნენ უბრალოდ. თუ შოკში ჩავარდნა მოულოდნელი არ იყო ვაქცინაციის დროს და ყველაფერი დროულად გააკეთეს, მაშინ რატომ გარდაიცვალა ორი შვილის დედა? მოუმზადებლები იყვნენ, დაიბნენ და დროულად ვერ გაეწია დახმარება", - აცხადებს ვეფხვია ბაქრაძე.

27 წლის ქალს სამშაბათს, 23 მარტს დაკრძალავენ. მეგი ბაქრაძე კოვიდკლინიკაში მუშაობდა. იგი სამედიცინო პერსონალთან ერთად 18 მარტს აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. ის 19 მარტს გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG