Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე ქალს ბრალი წარუდგინა


საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მეექვსე კლასელი ბიჭის ბებიას, რომელმაც თანატოლისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით ორი მოზარდი დააჩოქა და ბოდიში ამ ფორმით მოახდევინა.

პროკურატურა მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთას.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„გამოძიების ამ ეტაპზე დადგინდა, რომ 2020 წლის 4 ნოემბერს, სკოლის მოსწავლეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ვ.ა.-მ და გ.მ-მ თანაკლასელს, მ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე აიძულეს დაეჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიში მოეხადა.

აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა მ.კ-ს ოჯახის წევრებისთვის, რის გამოც 8 ნოემბერს, მ.კ-ს ბებიამ, ვ.კ.-მ, ანალოგიური მეთოდით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით დააჩოქა მუხლებზე არასრულწლოვანი - ვ.ა. და გ.მ და დაჩოქილებს მისი შვილიშვილისთვის ბოდიში მოახდევინა. აღნიშნული ფაქტის ვიდეოგადაღებას ახდენდა ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობელი.

პროკურატურამ ვ.კ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თვრამეტ თვემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ორივე ეპიზოდში მონაწილე არასრულწლოვნების მიმართ დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განათლების სამინისტროში შესაბამის წარდგინებას გააგზავნის“. - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბავშვებზე ძალადობის შემთხვევა 2020 წლის ნოემბერში მოხდა და მედიაში 4 თვის შემდეგ გაშუქდა. მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში, რომელიც დაახლოებით 4 წუთს გრძელდება, ჩანს მიწაზე გვერდიგვერდ დაჩოქილი ორი მეექვსეკლასელი ბიჭი, რომლებსაც უფროსები თანაკლასელისთვის ბოდიშის მოხდას აიძულებენ. იქვე დგას მათი კლასელიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG