Accessibility links

site logo site logo

თურქეთი გამოეთიშა ქალების დაცვის საერთაშორისო ხელშეკრულებას, რის გამოც ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში პროტესტის გამოსახატად


საპროტესტო გამოსვლა თურქეთში. 2021 წლის 20 მარტი

ათასობით ადამიანი გავიდა თურქეთის ქალაქების ქუჩებში 20 მარტს, რათა პროტესტი გამოეთქვათ ძალადობისგან ქალების დაცვის საერთაშორისო ხელშეკრულებიდან ამ ქვეყნის გამოსვლის მიმართ. საპროტესტო აქციები გაიმართა სტამბოლში, ანკარასა და იზმირში.

ე.წ. სტამბოლის კონვენციის დატოვების შესახებ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის განკარგულება შაბათს გამოქვეყნდა.

საერთაშორისო ხელშეკრულება ევროსაბჭომ შეიმუშავა 2011 წელს და მისი მიზანია ძალადობისგან ქალების დაცვა და მასთან ბრძოლა.

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია რაიჩინოვიჩ ბურიჩმა, გადაწყვეტილებას უწოდა „გამანადგურებელი“. მისი თქმით, „ეს ნაბიჯი უდიდესი უკუსვლაა და განსაკუთრებით სამწუხაროა, რადგან საფრთხეს უქმნის ქალთა დაცვას თურქეთში, ასევე ევროპასა და მის გარეთ“.

ხელშეკრულებაზე ხელისმომწერ ქვეყნებს დოკუმენტი ავალდებულებს, წინ აღუდგნენ ოჯახში ძალადობას, ასეთი ქმედება ისჯებოდეს და, ამასთან, ამკვიდრებდეს გენდერულ თანასწორუფლებიანობას.

ქალთა დაცვის სტამბოლის კონვენციას თვითონ ერდოანმა მოაწერა ხელი დოკუმენტზე საბოლოო შეთანხმების ქალაქში, სტამბოლში, როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო. ხელშეკრულება თურქეთმა დაამტკიცა, მაგრამ არასოდეს გამოუყენებია.

თურქეთში წელს 77 ქალი მოკლეს, აცხადებს პლატფორმა We Will Stop Femicide. მის თანახმად, შარშან 409 ქალი მოკლეს ამ ქვეყანაში.

ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს მინისტრმა, ზეჰრა ზურმუთ სელჩუქმა განაცხადა ტვიტერით, რომ ქალთა უფლებები გარანტირებულია თურქეთის კანონებით და თურქეთის კონსტიტუციით და ისინი საკმარისია.

ევროსაბჭო ევროპის კავშირისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელსაც 47 წევრი ჰყავს, მათ შორის - საქართველო და იგივე თურქეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG