Accessibility links

site logo site logo

ქვემო ქართლის გუბერნატორი: ხელისუფლება მარნეულში კომენდანტის საათის დროებით გაუქმებას არ აპირებს


ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, 21 მარტს, ნოვრუზ-ბაირამთან დაკავშირებით, კომენდანტის საათი არ გაუქმდება.

„დღესასწაულის ჩატარების რისკი მაღალია, რადგან მინიმუმ 200 ათასი ადამიანი მჭიდრო კონტაქტში იქნება. 9 საათამდე ადამიანებს შეუძლიათ დღესასწაულის აღნიშვნა, ერთმანეთისთვის მილოცვა“, - თქვა გუბერნატორმა და დასძინა: - „მე ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს ჩვენს აზერბაიჯანელ მოქალაქეებთან, ისინი კარგად აცნობიერებენ რეგულაციების შენარჩუნების აუცილებლობას“.

საქართველოში 300 ათასზე მეტი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ძირითადად ქვემო ქართლის მხარეში. აზერბაიჯანული თემის აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელისუფლებას მარნეულში კომენდანტის საათის ერთი დღით გაუქმების თხოვნით მიმართეს. ერთ-ერთმა აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კომენდანტის საათს დაარღვევს. მან იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა მთელ აზერბაიჯანულ თემს.

ნოვრუზ-ბაირამი, ირანული კალენდრის პირველი დღე - ახალი წელია, რომელიც გაზაფხულის ბუნიობას – დღისა და ღამის გათანაბრებას ემთხვევა. ტრადიციულად დღესასწაულის აღნიშვნა რამდენიმე კვირით ადრე იწყება და კულმინაციას 21 მარტს აღწევს. ამ დღეს საქართველოს აზერბაიჯანული თემი ამზადებს ტრადიციულ კერძებს, მართავს სპორტულ შეჯიბრებებს, კონცერტებს. დღესასწაულს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან ხოლმე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG