Accessibility links

site logo site logo

"შეწყდეს ვაშლიჯვარში კორპუსების მშენებლობა!" - მოსახლეობა პეტიციას ავრცელებს


ვაშლიჯვრის ფერდზე დაწყებული მეწყრული პროცესის გამო ადგილობრივი მოსახლეობა კორპუსების მშენებლობის შეჩერებისა და მშენებლობის უფლების გაცემაზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით პეტიციას ავრცელებს. მოქალაქეები ითხოვენ, პროცესებში ჩაერთოს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი.

„მნიშვნელოვანია, საჯარო იყოს ამ ჯგუფის წევრების ვინაობა და მათ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გამოიკვლიონ ლისის ქედი სრულად. ჩვენ ხაზგასმით მოვითხოვთ, გამოკვლეული იყოს როგორც დაზიანებული ფერდი, ასევე მთის სრული ნაწილი და არა მხოლოდ ის ადგილი, რომელზეც უკვე აღმოჩენილია ნაპრალები. აღნიშნული პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ღია და მოსახლეობას რეგულარულად მიეწოდებოდეს თითოეულ ნაბიჯზე ინფორმაცია. ამ პროცესის აუცილებელ ნაწილად მიგვაჩნია სპეციალურ ჯგუფში მოსახლეობის ჩართულობა, ისევე როგორც კვლევების შედეგების საჯარო განხილვების მოწყობა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

პეტიციის მოთხოვნებია:

  • გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე, მათ შორის, გაჩერდეს განხილვის პროცესში არსებულ სამშენებლო მოთხოვნებზე დასკვნების გაცემა.
  • დაუყოვნებლივ შეიქმნას დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი რომელიც გამოიკვლევს ლისის ქედს სრულად და მის რისკებს და რომელთა ვინაობაც გასაჯაროვდება. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და გაიმართოს საჯარო განხილვები.
  • მერიამ ლისის დაზიანებულ ფერდზე დაამონტაჟოს სამონიტორინგო სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს და საჯარო წესით საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია.
  • შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ ვნახავთ ექსპერტიზის პასუხებს და დასკვნებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებას დაადასტურებს.
  • შესწავლილი იყოს და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, "ვაშლიჯვრის ფერდობზე" მეწყრული პროცესების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თბილისის მერმა, კახა კალაძემ 17 მარტს თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ამ მიზეზით მაჭავარიანის ქუჩა უნდა გადაკეტილიყო.

18 მარტს დილიდან მიმდებარე ტერიტორიიდან გაავრცელა ვიდეომასალა ლაშა სუხიაშვილმა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის თანამშრომელია. მის გავრცელებულ ვიდეომასალაში მეწყრისგან გაჩენილი ნაპრალის სიგანისა და სიღრმეზე წარმოდგენის შექმნაა შესაძლებელი. იმ ადგილზე, სადაც ვიდეოა გადაღებული, მიწის ორ ნაწილს შორის დაშორება 1 მეტრამდეა, სიღრმე კი - მინიმუმ ორ მეტრამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG