Accessibility links

site logo site logo

მსხვერპლი მოჰყვა სირიაში, ჰოსპიტალზე განხორციელებულ საარტილერიო შეტევას


6 ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაიღუპა სირიის ალეპოს პროვინციის დასავლეთში მდებარე ქალაქ ელ-ატარებზე განხორციელებული საარტილერიო იერიშის შედეგად. ამის შესახებ „ხსნის საერთაშორისო კომიტეტი“ იუწყება. ორგანიზაციის ინფორმაციით, დაიჭრა 16 ადამიანი, მათ შორის 5 მედიკოსი.

21 მარტს, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა საარტილერიო იერიში მიტანეს ელ-ატარების ჰოსპიტალზე. შეტევა განხორციელდა თურქეთის და რუსეთის მიერ 2020 წლის მარტში გამოცხადებული ზავის დარღვევით.

სირიაში კიდევ ერთი შეტევის შესახებ იუწყება თურქული სააგენტო Anadolu. მისი ინფორმაციით, 21 მარტს რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის იდლიბის პროვინციაში, თურქეთთან საზღვრის მახლობლად, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა.

თურქეთის მიერ მხარდაჭერილი „სირიის ეროვნული არმიის“ წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს უთხრა, რომ რუსეთი ცდილობს დესტაბილიზაციას ასადის მოწინააღმდეგეთა მიერ კონტროლირებულ ბოლო რაიონში და სავარაუდოდ, იდლიბზე ფართომასშტაბიან შეტევას ამზადებს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთს მოსთხოვა სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. ბრალდებებს რუსეთისგან მყისიერი პასუხი არ მოჰყოლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG