Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინე ტიკარაძე: მე ავიცრები სავარაუდოდ ასტრაზენეკათი


ეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მიმდინარე კვირაში საჯაროდ გაიკეთებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. მინისტრმა მედიასთან განაცხადა, რომ კითხვების მოხსნის მიზნით, სავარაუდოდ, ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრება:

„მე ავიცრები სავარაუდოდ ასტრაზენეკათი, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას ის არსებული კითხვები ამ ვაქცინასთან დაკავშირებით და საზოგადოებაც განეწყოს დადებითად ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში. რაც შეეხება აქტივობებს და კამპანიას ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ და დავეყრდნობით მათ დამატებით რეკომენდაციებს იმისათვის, რომ არ შეიქმნას კიდევ დამატებითი კითხვები და ხარვეზები იმ კომუნიკაციასთან, რომელსაც ძალიან ხშირად ახსენებს მედია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამჟამად საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური კონცერნის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, რომლის პირველი პარტია - 43 200 დოზა, ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. 15 მარტიდან დაიწყო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების აცრა. 28 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ამ შემთხვევის შემდეგ ვაქცინაციის პროცესის ტემპი ქვეყანაში კიდევ უფრო შენელდა.

22 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯანდაცვის სექტორის 3843-მა მუშაკმა ჩაიტარა.

ამ დრომდე ვებგვერდზე booking.moh.gov.ge რეგისტრაცია მხოლოდ სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შეეძლოთ, თუმცა მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია 65 წლის ზემოთ მყოფი პირებისთვისაც დაიწყება. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პორტალზე რეგისტრაცია 25 მარტიდან იქნება შესაძლებელი.

არსებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში საქართველო „ფაიზერის“ 29 000 დოზა ვაქცინასაც მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG