Accessibility links

site logo site logo

ბოგდან აურესკუ: შეშფოთებული ვართ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო


რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოგდან აურესკუ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციით დაწყებული დიალოგის პროცესის გაგრძელებას. ეს განცხადება რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ.

„გამოვხატავ ჩვენს შეშფოთებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, როგორც საქართველოს კარგი მეგობარი და პარტნიორი. მივესალმები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტს საქართველოში და მხარს ვუჭერთ ევროკავშირის მედიაციის პროცესის გაგრძელებას, საქართველოში ადგილობრივი კონფლიქტის გადაწყვეტის მიზნით. ასევე მივესალმებით 16 მარტს გამართული ასოცირების საბჭოს შედეგებს“, - განაცხადა ბოგდან აურესკუმ.

22 მარტს საქართველოს საკითხს განიხილავს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელშიც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები მოისმენენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჟოზეპ ბორელის მოხსენებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ევროკავშირში ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა მას შემდეგ, რაც 18 მარტს, გვიან ღამით, საქართველოში წარუმატებლად დასრულდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით დაწყებული პოლიტიკური დიალოგი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG