Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარლ მიშელი პუტინს მოუწოდებს, გაათავისუფლონ ნავალნი და გამჭვირვალედ გამოიძიონ მასზე თავდასხმა


შარლ მიშელი
შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 22 მარტს ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და კვლავ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ალექსეი ნავალნი და ჩაატაროს მასზე თავდასხმის გამჭვირვალე გამოძიება.

შარლ მიშელმა სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ამჟამად არის დაბალ ნიშნულზე და
ევროკავშირის თვალსაზრისით მოსკოვთან ურთიერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება სხვა გზით განვითარდეს, თუ მიღწეული იქნება პროგრესი ისეთ საკითხებში, როგორიცაა მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შესრულება, ჰიბრიდული თავდასხმებისა და კიბერიერიშების შეწყვეტა, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.


ორმა ლიდერმა ასევე განიხილეს კორონავირუსის პანდემიასა და მის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებული საკითხები, იმსჯელეს რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე.

შარლ მიშელმა პირველად 22 იანვარს მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისა და მისი მოწამვლის საქმის გამჭვირვალე გამოძიებისკენ.

შარშან აგვისტოში ნავალნი ცუდად გახდა თვითმფრინავში, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. თვითმფრინავი დასვეს ქალაქ ომსკში და ნავალნის ადგილობრივ საავადმყოფოში აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ამის შემდეგ კი, მისი ახლობლების დაჟინებული მოთხოვნით, ის ბერლინში გადააფრინეს სამკურნალოდ. ევროპელ დამოუკიდებელ ექსპერტთა თქმით, ნავალნი საბრძოლო ქიმიური ნივთიერებით, „ნოვიჩიკით“ იყო მოწამლული. თავად ნავალნი აცხადებს, რომ მასზე თავდასხმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით განხორციელდა და მასში ფსბ-ს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ხელისუფლება უარყოფს ამ ბრალდებებს.

გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ნავალნი დააკავეს და სასამართლომ მას პატიმრობა მიუსაჯა ძველი პირობითი პატიმრობის რეჟიმის შეუსრულებლობისთვის. ნავალნი კოლონიაში გაგზავნეს სასჯელის მოსახდელად.


რუსეთი უარყოფს ბრალდებებს ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ დასავლეთის სანქციებს საკადრისი პასუხი გაეცემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG