Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია აღდგომის დღესასწაულის წინ შეზღუდვებს ამკაცრებს


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი

გერმანიის მთავრობამ „ლოკდაუნი“ 18 აპრილამდე გააგრძელა და კიდევ უფრო გაამკაცრა. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, გადაწყვეტილება გვიან ღამით გამოაცხადა კანცლერმა ანგელა მერკელმა, ფედერალური მიწების მთავრობათა მეთაურებთან 15-საათიანი შეხვედრის შემდეგ.

როგორც მერკელმა თქვა, სიტუაცია ძალიან სერიოზულია, ამიტომ კორონავირუსთან საბრძოლველად, აღდგომის დღესასწაულის პერიოდში საზოგადოებრივი, ეკონომიკური და კერძო ცხოვრება შეიზღუდება ისე ძლიერად, როგორც არასდროს მთელი პანდემიის განმავლობაში.

აღდგომის დღესასწაულის წინა ხუთშაბათიდან, 1 აპრილიდან გერმანიაში უქმე დღეები გამოცხადდება. აღდგომა, რომელსაც წელს 4 აპრილს აღნიშნავენ და მისი მომდევნო ორშაბათი გერმანიაში ისედაც უქმეა, ამიტომ, როგორც კანცლერმა მერკელმა განაცხადა, ზედიზედ ხუთი დღის განმავლობაში იმოქმედებს პრინციპი „ვრჩებით სახლში“.

ამ პერიოდში დაკეტილი იქნება ყველა სავაჭრო ობიექტი. გამონაკლისი იქნება მხოლოდ აღდგომის წინა შაბათი, როცა ერთი დღით მუშაობას შეძლებენ მხოლოდ სასურსათო მაღაზიები. ხუთი დღის განმავლობაში მთლიანად იკრძალება საზოგადოებრივ ადგილებში თავშეყრა. ღია იქნება მხოლოდ კორონავირუსზე ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები. გერმანიის მთავრობამ სასულიერო პირებს მოუწოდა, სააღდგომო ღვთისმსახურება ონლაინ ჩაატარონ.

ბოლო ხანს გერმანიაში ეპიდსიტუაცია ისევ გაუარესდა. რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 16000-17000-ს აღწევდა. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში დაინფიცირდა 2.6 მილიონზე მეტი ადამიანი და 75 000-მდე გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 4%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG