Accessibility links

site logo site logo

WHO-ს წარმომადგენლის განმარტებით, აცრის შემდეგ ანაფილაქსია იშვიათი შემთხვევაა


ექთანმა მეგი ბაქრაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 18 მარტს გაიკეთა

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ქართველი ექთნის გარდაცვალების შესახებ საუბარი იყო მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის(WHO) წარმომადგენელთა პრესკონფერენციაზე, რომელიც 22 მარტს ჩატარდა. პრესკონფერენციაზე შეკითხვა დაისვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სახელით.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, სუმია სვამინათანის თანახმად, ანაფილაქსია ვაქცინის კომპონენტზე მძიმე ალერგიული რეაქციაა და ასეთი ფაქტები დაფიქსირდა სხვა ვაქცინების შემთხვევაშიც და სხვა ქვეყნებშიც.

სვამინათანის განმარტებით, მსგავსი შემთხვევების მინიმუმამდე დასაყვანად მითითებაა, რომ მედიკოსები ყველა აცრილს დააკვირდნენ 30 წუთის განმავლობაში, თავად ვაქცინა კი უნდა კეთდებოდეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მედიკოსები იმყოფებიან და ხელმისაწვდომია მძიმე ალერგიული რეაქციის საწინააღმდეგო მედიკამენტები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, ვაქცინაციის შედეგად ანაფილაქსია იშვიათია და ზემოქმედების შესამცირებლად საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.

ახალციხის კლინიკა "იმედის" ექთანი მეგი ბაქრაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 18 მარტს აიცრა. ნახევარი საათის შემდეგ მას განუვითარდა, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიური შოკი. ახალგაზრდა ექთანი ახალციხიდან გადაიყვანეს თბილისში, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

ახალციხეში მომხდარ ფაქტს იკვლევს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო. მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 22 მარტს განაცხადა, რომ პირველადი დასკვნა ამ კვირაში გამოქვეყნდება. გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG