Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა


აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შეხვდა საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, როგორც საელჩო განმარტავს, „მისი უმნიშვნელოვანესი საქმიანობის მიმართ აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერის გამოსახატად“.

აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებით, სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, დამოუკიდებელი ინსტიტუტია:

„ჩვენ შეშფოთებული ვართ სახალხო დამცველის ოფისზე პოლიტიზირებული თავდასხმებით, რაც აზიანებს ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ძირს უთხრის მის ეფექტურობას“.

აშშ-ის საელჩო საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, კონსტრუქციულად ჩაერთოს სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობაში და მხარი დაუჭიროს მის როლს თითოეული მოქალაქის უფლებების დასაცავად.

22 მარტს გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დღეს, 23 მარტს გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმაც. მისი ინფორმაციით, ნინო ლომჯარიამ და კელი დეგნანმა განიხილეს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ქვეყანაში შექმნილი ვითარება.

სახალხო დამცველმა ისაუბრა იმ გამოწვევებზეც, რომლებსაც მისი აპარატი აწყდება ბოლო თვეების განმავლობაში და რაც შესაძლოა, ხელს უშლიდეს, ან აბრკოლებდეს სახალხო დამცველის მანდატის სრულყოფილად განხორციელებას, მათ შორის, ნახევრად ღია ტიპის ციხეებში ვიზიტებისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG