Accessibility links

site logo site logo

ჩინეთი და რუსეთი ერთიანობის დემონსტრირებას ცდილობენ დასავლეთის მხრიდან კრიტიკისა და სანქციების ფონზე


23 მარტს პეკინში გაიმართა ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ვან ისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა, რომელზეც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნები შეეცადნენ ერთიანი პოზიციით დაპირისპირებოდნენ დასავლეთის კრიტიკასა და სანქციებს ჩინეთსა და რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი და ჩინეთი მიიჩნევენ, რომ აშშ ცივი ომის დროინდელი სამხედრო-პოლიტიკურ კავშირზე დაყრდნობით ცდილობს საერთაშორისო-სამართლებრივი არქიტექტურის დანგრევას.

„აუცილებელია უარი ითქვას ადამიანის უფლებების თემის პოლიტიზებასა და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის საბაბად მისი გამოყენების პრაქტიკაზე, ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის გამოყენებაზე და აღნიშნულ სფეროში თანასწორობის პრინციპების დაცვით წარიმართოს ყველა ქვეყნებისათვის სასარგებლო დიალოგი“, - ნათქვამია რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

ამ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, მუსლიმი იუღურების უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირმა ჩინეთს 30 წლის განმავლობაში პირველად დაუწესა სანქციები, რომელიც მიმართულია 4 ფიზიკური და 1 იურიდიული პირის წინააღმდეგ.

ევროკავშირთან კოორდინაციით ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე განაცხადეს დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და კანადამ.

უფრო ადრე, აშშ-მა და ევროკავშირმა 2 მარტს სანქციები დაუწესეს რამდენიმე რუს მოხელეს ალექსეი ნავალნის დაკავებისა და მისი შემდგომი დევნის გამო.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სანქცირებულ პირთა სიაში შვიდი რუსი მაღალჩინოსანია. მათ შორის, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ალექსეი კრივორუჩკო და პაველ პოპოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანდრეი იარინი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრ კალაშნიკოვი და რუსეთის გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი.

რუსეთი დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება ასევე 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისა და დონბასში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG