Accessibility links

site logo site logo

მინსკში დააკავეს გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის ლიდერი


მინსკში დააკავეს ოპოზიციური გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის ლიდერი ნიკოლაი კოზლოვი, რომელიც ამჟამად მოთავსებული ჰყავთ ოკრესტინაში მდებარე საგამოძიებო იზოლატორში.

თანაპარტიელთა თქმით, ნიკოლაი კოზლოვი წუხელ სახლიდან გასვლის შემდეგ გაუჩინარდა. მისი დაკავების მიზეზი უცნობია. მაგრამ მანამდე გაერთიანებულ სამოქალაქო პარტიაში განაცხადეს, რომ მათ ლიდერზე საქმეა აღძრული გამოძიების საიდუმლოს გამჟღავნების მუხლით.
მანამდე პოლიტიკოსმა სამჯერ თქვა უარი, ხელი მოეწერა გაუთქმელობის ხელწერილზე მას შემდეგ, რაც საგამოძიებო კომიტეტში იგი მოწმის სტატუსით დაკითხეს ბელარუსში სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების თაობაზე მიმდინარე საქმის გარშემო. ამ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულია ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს რამდენიმე წევრი.

სანამ დააკავებდნენ, ნიკოლაი კოზლოვმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში საკოორდინაციო საბჭოს წევრთა წინააღმდეგ აღძრულ საქმეს უწოდა ფაბრიკაცია და განაცხადა, რომ მას არავითარი საიდუმლო არ გაუმჟღავნებია.

ნიკოლაი კოზლოვი 2018 წლიდან ხელმძღვანელობს გაერთიანებულ სამოქალაქო პარტიას. 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში მისმა პარტიამ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ არ მიეცათ ხმა ალიაქსანდრ ლუკაშენკასთვის, „რომელიც ბოროტად იყენებს ძალაუფლებას და ამომრჩეველთა სრულ უპატივცემულობას ამჟღავნებს“.

ბელარუსის ხელისუფლება განაგრძობს რეპრესიებს იმ პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. ბელარუსში, შეთითხნილი ბრალდებით, საპატიმროებში ჰყავთ ასევე რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებიც აშუქებდნენ საარჩევნო დარღვევებსა და სამართალდამცველთა ძალადობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG