Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგში რუსეთის საკონსულოს თანამშრომელი ველოსიპედების ქურდობაშია ეჭვმიტანილი


სტრასბურგში რუსეთის საკონსულოს თანამშრომელი პოლიციის მიერ ეჭვმიტანილია ველოსიპედების ქურდობასა და მათ გაყიდვაში. ვარაუდობენ, რომ მას ამ საქმიანობით 100 ათას ევროზე მეტის მოგება შეეძლო. მას მერე, რაც ველოსიპედი მოჰპარეს ქალაქის ყოფილ პირველ ვიცე-მერს, რუსეთის მოქალაქე დააკავეს, მაგრამ კვლავ გაათავისუფლეს დიპლომატიური იმუნიტეტის გამო.

ინციდენტის შესახებ რადიოსადგური France Bleu იტყობინება.

40 წლის რუსეთის მოქალაქე პოლიციამ თებერვლის დამდეგს დააპატიმრა რუსეთის საკონსულოს შენობის წინ, როცა ის მოპარული ველოსიპედის გაყიდვას ცდილობდა. ველოსიპედი მოიპარეს ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის შენობის წინ და ის სტრასბურგის მუნიციპალურ დეპუტატს, ქალაქის ყოფილ პირველ ვიცე-მერს, ალენ ფონტანელს ეკუთვნოდა.

დეპუტატმა მოპარული ველოსიპედი სარეკლამო განცხადებების საიტზე აღმოაჩინა. პოლიციამ ველოსიპედის გამყიდველს შეხვედრა დაუნიშნა და ის დააკავეს. მოპარული ველოსიპედის გამყიდველი აღმოჩნდა რუსეთის საკონსულოს ტექნიკური თანამშრომელი დიპლომატიური იმუნიტეტით, ამიტომ იძულებული გახდნენ, ის გაეთავისუფლებინათ. როგორც იტყობინებიან, ის ერთ-ერთი დიპლომატის მძღოლად მუშაობდა.

განცხადებების საიტზე საკონსულოს თანამშრომლის ანგარიშზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მან გაყიდა 300-ზე მეტი ველოსიპედი, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 100 ათასი ევროა. ვარაუდობენ, რომ ყველა ველოსიპედი მოპარული იყო. საკონსულოს თანამშრომლის დაკითხვა მას შემდეგ, რაც ის გაათავისუფლეს, ვერ მოხერხდა. მან ქვეყანა დატოვა, როგორც აცხადებენ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG