Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NGO-ები: ხელისუფლება სამოქალაქო აქტივისტებს სისხლისსამართლებრივი დევნით ემუქრება


14 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა მარნეულში 21 მარტს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად 21 საათზე დემონსტრაციულად დაარღვიეს გადაადგილების შეზღუდვა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, სწორედ ამ პროტესტის შემდეგ ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო აქტივისტებთან დაკავშირება და გამოკითხვაზე დაბარება ე.წ. კომენდანტის საათის განმეორებითი დარღვევის გამო დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში:

„ის გარემოება, რომ საქმეთა დიდ ნაწილზე თვეების განმავლობაში გამოძიება არ მიმდინარეობდა და ის მხოლოდ 21 მარტის საპროტესტო აქციის შემდეგ გააქტიურდა, აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ ხელისუფლება სისხლისსამართლებრივ სანქციებს გამოიყენებს როგორც სადამსჯელო მექანიზმს მოქალაქეთა პროტესტის ჩასახშობად.

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საბაბით ხელისუფლება არაკონსტიტუციურად ცდილობს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ამჯერად კი განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ საქმე გვაქვს მოქალაქეთა ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფრთხესთან“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქტივისტებმა აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ხელისუფლებამ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების თხოვნა არ გაითვალისწინა და ნოვრუზ ბაირამისთვის ერთი ღამით გადაადგილების შეზღუდვა არ მოხსნა. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არათანმიმდევრული და, მეტიც, დისკრიმინაციული იყო ეთნიკური უმცირესობების მიმართ.

„მთავრობას შეეძლო ამ შემთხვევაში დაეწესებინა გამონაკლისი, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დაგეგმილია რეგულაციათა შემსუბუქება 2021 წლის 28 მარტს საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით და შეზღუდვები მოხსნილი იყო მაგალითად, 1 იანვრის ღამითაც. ხაზგასასმელია, რომ დისკრიმინაციული მიდგომა ხელისუფლებამ გამოავლინა მანამდეც, როდესაც მოხსნა გადაადგილების შეზღუდვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შობის აღნიშვნის დღეს (7 იანვარს), თუმცა იგივე არ გააკეთა 25 დეკემბერს.

სამწუხაროა, რომ ხელისუფლება კვლავაც განაგრძობს უმცირესობათა ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას, თუმცა კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ უკანასკნელზე გამოხატული პროტესტის საპასუხოდ იგი სისხლისსამართლებრივი დევნით ემუქრება სამოქალაქო აქტივისტებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, არ გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს, შეწყვიტოს უთანასწორო მოპყრობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ და არ გამოიყენოს სისხლისსამართლებრივი მექანიზმები აქტივისტების წინააღმდეგ შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG