Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი: ვლადიმირ პუტინი COVID-19-ის ვაქცინას იკეთებს, მაგრამ არა საჯაროდ


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამშაბათს იკეთებს COVID-19-ის ვაქცინას, მაგრამ არა საჯაროდ.

ამის შესახებ განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა და ჟურნალისტებს უთხრა, სიტყვაზე უნდა გვენდოთო. პესკოვის თქმით, პუტინს არ მოსწონს კამერის წინ ვაქცინაციის იდეა.

პესკოვს არ უთქვამს, პუტინი ვაქცინაციის ცენტრში აიცრება თუ მედიკოსები მის რეზიდენციაში მივლენ. პესკოვის სიტყვებით, ვაქცინაცია „ისე ჩატარდება, რომ მინიმალური გავლენა მოახდინოს“ პუტინის სამუშაო განრიგზე.

ამასთან, პესკოვმა უარი თქვა ეპასუხა შეკითხვაზე, რუსეთში ავტორიზებული სამი ვაქცინიდან რომლით აიცრება რუსეთის პრეზიდენტი.

ამ მომენტისთვის რუსეთში გამოყენების ლიცენზია მოპოვებული აქვს რუსული წარმოების სამ ვაქცინას: Sputnik V-ს, EpiVacCorona-სა და CoviVac-ს.

პუტინმა გუშინ მთავრობის სხომაზე განაცხადა, რომ აიცრება. პუტინის კრიტიკოსების თქმით, ის, რომ პუტინი აქამდე ფეხს ითრევდა და არ აცრილა, ხელს უწყობდა მოსახლეობაში ისედაც გავრცელებულ ეჭვებს ვაქცინაციის თაობაზე.

დღემდე რუსეთში, რომლის მოსახლეობა 146 მილიონია, მხოლოდ 6,3 მილიონმა ადამიანმა (ანუ 4,3%-მა) გაიკეთა ვაქცინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG