Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აცრის შემდგომი დაკვირვების დრო 45 წუთამდე იზრდება


საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც მოქალაქეებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაუკეთებენ, აცრის შემდეგ დაყოვნების და დაკვირვების დრო 30 წუთიდან 45 წუთამდე გაიზარდა. ამის შესახებ დღეს განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისი განმარტებით, ეს წესი ვრცელდება როგორც „ასტრაზენეკას“, ისე „ფაიზერის“ ვაქცინებზე.

გაბუნიას თანახმად, ვაქცინაციის ცენტრებში მობილიზებული იქნება სულ მცირე სამი ბრიგადა და კონკრეტულ ცენტრებში მეტი მოთხოვნის შემთხვევაში, მათი რაოდენობა გაიზრდება.

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა ხვალიდან, 25 მარტიდან უნდა დაიწყოს. დღეს საქართველო ელოდება 29 250 დოზას, რომელსაც პირველ ეტაპზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მიიტანენ და შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში გაანაწილებენ. ამ ვაქცინას -70 გრადუსზე შენახვა სჭირდება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, "ფაიზერის" ვაქცინით აცრა შესაძლებელი იქნება თბილისის 4 კლინიკაში: რესპუბლიკური საავადმყოფო, ბოკერიას სახელობის კლინიკა, კავკასიის მედიცინის ცენტრი და ამტელ-ჰოსპიტალი, იმერეთში - ქუთაისის 2 კლინიკაში, მათ შორის ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში და აჭარაში - ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ხვალიდან ასაცრელად დარეგისტრირებას შეძლებენ 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებიც.

საქართველოში 15 მარტს დაიწყო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, რომლის 43200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 24 მარტისთვის აცრილია 4048.

ვაქცინაციის ისედაც დაბალი ტემპი კიდევ უფრო შენელდა მას შემდეგ, რაც 18 მარტს, ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთანს აცრიდან ნახევარ საათში განუვითარდა, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიური შოკი და მეორე დღეს გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რეგულირების სააგენტომ მოკვლევის პირველადი დასკვნა ამ კვირაში უნდა გამოაქვეყნოს.

23 მარტს, ეკატერინე ტიკარაძემ "ასტრაზენეკას" ვაქცინა ვიდეოკამერების წინ გაიკეთა საჩხერის კლინიკაში. ჯანდაცვის მინისტრი იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტიანი და უსაფრთხო საშუალებაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG