Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ადამიანური სამუშაო პირობების" მოთხოვნით Bolt Food-ის კურიერები აქციას მართავენ


Bolt Food-ის რამდენიმე კურიერმა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია გამართა. ისინი ითხოვენ, კომპანიამ მათ ბლოკი მოხსნას და ძველი სამუშაო პირობებით გააგრძელონ მუშაობა. კურიერების სახელით რადიო თავისუფლების ირაკლი ქორიძე ესაუბრა.

მისი თქმით, კომპანიამ მათ რამდენიმე დღის წინ ტარიფები 20 პროცენტით შეუმცირა. პირობითად, თუკი აქამდე ერთი გამოძახებიდან ისინი 5 ლარს იღებდნენ, ახლა ეს თანხა 4 ლარამდე შემცირდა.

"ვითხოვთ ადამიანურ დამოკიდებულებას... ჩვენ პარტნიორებს გვეძახიან, დაქირავებულებს გვეძახიან - როცა პირობებს ცვლის, უნდა შეეთანხმებინათ", - ამბობს ირაკლი ქორიძე.

მისი თქმით, რაც კურიერების ნაწილმა შემცირებული ტარიფები გააპროტესტა, კომპანიამ ისინი დაბლოკა.

"ამ ორშაბათს კიდევ უფრო გააუარესეს ტარიფები - ბონუსები გააუქმეს. ეს სიგნალი იყო, რომ არ ითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნებს... მაგათ აქვთ ძალიან კარგი ბიზნესი. ჩანთებს ყიდიან. 1000 ადამიანს აიყვანენ და მერე დაბლოკავენ და კი დარჩებათ ჩანთები. ჩვენც დაგვრჩა", თქვა კურიერმა.

კომპანია ადასტურებს, რომ კურიერების ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა პირობების გამო. Bolt Food ამბობს, პირობების ცვლილებები გათვალისწინებულია ხელშეკრულებაში.

"იგივე ჯგუფის მხრიდან ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ აქტივობებს, რომლებმაც ხელი შეუშალა ჩვენი სერვისის და სხვა პარტნიორი კურიერების სამუშაო პროცესს. პასუხად, მათი ანგარიშები დაბლოკილი იქნა პლატფორმიდან. ნებისმიერი სახის ორგანიზებულ მცდელობას, რომელმაც შესაძლოა შეაფერხოს Bolt Food-ის, ან პარტნიორი რესტორნების ბიზნეს ოპერაციები, აუცილებლად მოჰყვება მკაცრი რეაგირება კომპანიის მხრიდან", - აღნიშნავენ კომპანიაში.

მასალაში Bolt Food-ის კომენტარი დაემატა მისი მიღებისთანავე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG