Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტში ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს მოუსმინეს


როსალია პულისი
როსალია პულისი

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, ნატო-საქართველოს პარტნიორობის შესახებ დახურულ ფორმატში მოუსმინეს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როსარია პულისს. როგორც სხდომის დახურვამდე კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ალიანსის წარმომადგენლებმა საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, დეპუტატებს ინფორმაცია გააცნეს ნატო-საქართველოს პარტნიორობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ.

თავის მხრივ, ნატო-საქართველოს პარტნიორობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის წარდგენამდე, როსარია პულისმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ალიანსი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს:

„სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი და ჩემნაირი ადამიანების, ნატოს იმ პერსონალის სამუშაო, რომელიც საქართველოში მუშაობს, გახლავთ ის, რომ ყოველდღიურად დაგიჭირონ მხარი, რათა გახდეთ უფრო ძლიერები, და უფრო უნარიანები და მომზადებულები იმისთვის, რომ ალიანსის წევრები გახდეთ.

საქართველო გახდება ნატოს წევრი, როგორც იყო გაცხადებული ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს. საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი, რომ გახდეს ნატოს წევრი და ჩვენ ყოველთვის ვახალისებთ საქართველოს, რაც შეიძლება აქტიურად გამოიყენოს ეს ინსტრუმენტები საკუთარი სარგებლისთვის.

ჩვენ ვგრძნობთ, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, ყველა პროგრესი, რომელიც გაკეთებულია რეფორმების კონსოლიდაციის გზაზე, არის ნაბიჯი წევრობისკენ. და ჩვენ ამას ყოველდღე ვუმეორებთ საქართველოს საზოგადოებას. საქართველოს საზოგადოება ძალიან მჭიდროდ უჭერს მხარს ნატოს წევრობას, 69 პროცენტი მოსახლეობისა აცხადებს, რომ მათ სურთ, რომ ქვეყანა გახდეს ალიანსის წევრი. ეს არ არის მცირე რიცხვი, მაგრამ იმაში რომ დავრწმუნდეთ, რომ აღნიშნული მხარდაჭერა გაგრძელდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და იქნება მდგრადი და ძლიერი, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადამიანები კარგად არიან ინფორმირებულები. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ, თუ რა ხდება ამ ურთიერთობების თვალსაზრისით.

ზუსტი ინფორმაციის მიწოდება წამყვანი საკითხი გახლავთ ყველა ქვეყანაში, მაგრამ ვგრძნობთ, რომ ეს გაცილებით მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ქვეყანა, რომელიც არის ჰიბრიდულ ომში და მუდმივ დეზინფორმაციაში ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ჩვენ რას ვაკეთებთ. და ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ თქვენ, პარლამენტის წევრებს, დეტალურად გაგაჩნდეთ ინფორმაცია ამ პროცესის შესახებ", - განაცხადა ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, როსარია პულისმა.

მისი ამ გამოსვლის შემდეგ სხდომამ მუშაობა დახურულ ფორმატში გააგრძელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG