Accessibility links

site logo site logo

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, ფრაქციის შექმნა 4 დეპუტატს შეეძლება


საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის 7-ის ნაცვლად, 4 დეპუტატის გაერთიანება იქნება საჭირო. როგორც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა განმარტა, ამ ინიციატივის მიზანი ოპოზიციის გაძლიერებაა:

„ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრების რაოდენობა 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტებში 7-დან 4-მდე დაიწევს. ამით იმ პარტიებს, რომლებმაც მიიღეს 4%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ვაძლევთ შესაძლებლობას, შექმნან ჯამურად 5 საპარლამენტო ფრაქცია და შესაბამისად მიიღონ დამატებითი ბერკეტები საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელებისა და მთავრობის კონტროლისთვის.

ამ ინიციატივით, ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ მცირე პარტიების ხელშესაწყობად, რათა ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც დღემდე უარს ამბობს საკუთარი ამომრჩევლების მიერ მინიჭებული მანდატის განხორციელებაზე, გაიაზროს ამ ცვლილებების მასშტაბი და მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, უპასუხოს საკუთარი ამომრჩევლების მოლოდინებს და გახდეს დემოკრატიული განვითარების მონაწილე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში დღესვე წარადგინეს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა, რომელიც 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე დაწევას ითვალისწინებს.

ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში, დღევანდელი მდგომარეობით, სადეპუტატო უფლებამოსილებას 96 დეპუტატი ახორციელებს. საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტის 113 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.

2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, 150-წევრიანი პარლამენტის მანდატები მოიპოვა 9 საარჩევნო სუბიექტმა. მათგან საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობენ "ქართული ოცნების" 90 დეპუტატი, "მოქალაქეების" 2 და "პატრიოტთა ალიანსის" სიით არჩეული 4 წევრი, რომლებმაც "ევროპელი სოციალისტები" დაირქვეს.

მანდატებს ოფიციალურად ინარჩუნებენ, თუმცა, საპარლამენტო საქმიანობას არ ეწევიან: "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი" და "ლეიბორისტული პარტია".

მათ ბოლო საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG