Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიან ყარაბაღში რუსულს მეორე ოფიციალური ენის სტატუსი მიენიჭა


რუსი სამხედროების პოსტები მთიან ყარაბაღში
რუსი სამხედროების პოსტები მთიან ყარაბაღში

25 მარტს სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის საკანონმდებლო ორგანომ რუსულ ენას მიანიჭა მეორე ოფიციალური ენის სტატუსი.
ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 27 კანონმდებელმა, თავი შეიკავა ორმა დეპუტატმა. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი იყო მთიანი ყარაბაღის პარლამენტში შემავალი ხუთიდან სამი პოლიტიკური პარტია, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რუსეთისათვის ოფიციალური ენის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს რუს ჯარისკაცებსა და სხვადასხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებთან კომუნიკაციას.

სამშვიდობო მისიით აღჭურვილი 2000 რუსი ჯარისკაცი და რამდენიმე ასეული სამოქალაქო მუშაკი სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში გასულ წლის შემოდგომაზე, აზერბაიჯანისა და სომხეთის შორის ბოლო მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების შემდეგ გამოჩნდნენ მოსკოვის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შედეგად.

მოსკოვის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 10 ნოემბერს შევიდა. ამ შეთანხმებით, მთიანი ყარაბაღის ნაწილი და მის გარშემო შვიდი რაიონი აზერბაიჯანის ადმინისტრაციას დაუბრუნდა, სომეხთა მიერ თითქმის 30 წლის განმავლობაში კონტროლის შემდეგ.

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად, თუმცა ეთნიკური სომხები, რომლებიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ, უარყოფენ აზერბაიჯანის მმართველობას. ისინი საკუთარ საქმეებს თავად მართავდნენ, სომხეთის დახმარებით, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის სამხედროები და აზერბაიჯანელი სამოქალაქო პირები რეგიონიდან და მის გარშემო შვიდი რაიონიდან განდევნეს ომის შედეგად, რომელიც 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG