Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემანუელ მაკრონმა კორონავირუსის ვაქცინისთვის ბრძოლა შეადარა ახალი ტიპის მსოფლიო ომს


ევროპა აღმოჩნდა „ახალი ტიპის მსოფლიო ომის“ წინაშე რუსეთისა და ჩინეთის მცდელობის გამო, მოიპოვონ გავლენა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეშვეობით. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა ევროკავშირის ვიდეოსამიტის პირველი დღის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შექმნილ ვითარებაში, მაკრონის აზრით, ევროკავშირს მართებს, იყოს დამოუკიდებელი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოების საკითხში. „ზაფხულისათვის ევროპა შეძლებს აწარმოოს საკმარისი ვაქცინის დოზა, რათა უზრუნველყოს კოლექტიური იმუნიტეტი“, - დასძინა საფრანგეთის ლიდერმა.

მანამდე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, კლემან ბონმა, თქვა, რომ საფრანგეთი არ გამორიცხავს ივნისისთვის რუსული Sputnik V-ის ვაქცინის გამოყენების დაწყებას.

მაგრამ რუსულ ვაქცინას არ მიუღია ევროკავშირის სამკურნალო საშუალებათა სააგენტოს (EMA) დასტური. ამისდა მიუხედავად, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ თვითნებურად გადაწყვიტა Sputnik V-ის შეძენა. სლოვაკეთში ამ ნაბიჯმა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

კვირის დასაწყისში ევროკომისიის ხელმძღვანელმა შიდა ბაზრის საკითხებში, ტერი ბრეტონმა, განაცხადა, რომ ევროკავშირი არ საჭიროებს კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას და დასძინა, კოლექტიური იმუნიტეტისათვის ევროპისათვის საკმარისია EMA-ს მიერ უკვე დამტკიცებული 4 ვაქცინაო.

ევროკავშირის ხელმძღვანელობა კვლავაც კრიტიკის ქვეშაა ვაქცინაციის ნელი ტემპისა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG