Accessibility links

site logo site logo

პაატა იმნაძე: „გვაქვს ალბათობა, აპრილს გავუძვრეთ“


ჯერ კიდევ შეიძლება, პანდემიის მესამე ტალღას ნიღბის ტარებითა და შეკრებისგან თავის არიდებით გადავურჩეთ, ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.

„ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ სამწუხაროდ... ერთადერთი იმედი ის გვაქვს, რომ ახლა მაინც თუ ვატარებთ პირბადეს და თავყრილობებს მოვერიდებით გვაქვს ალბათობა, რომ აპრილს გავუძვრეთ და მაისამდე მივიდეთ ისე, რომ მესამე ტალღა არ გვქონდეს. სამწუხაროდ, ალბათობა იმისა, რომ გვქონდეს, საკმაოდ მაღალია. ეს ვაქცინაცია ჯერ არაფერში არ ითვლება, მაგრამ სხვა წესებს თუ დავიცავთ, კიდევ არის იმედი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ექსპერტების თქმით, ინდიკატორები, რომლებიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს არა მკვეთრად, მაგრამ მაინც იზრდება, ამასთან 43 პროცენტზე ჩამოვიდა პირბადის ტარების მაჩვენებელი, მაშინ როცა ის მინიმუმ 50 პროცენტს უნდა შეადგენდეს. ამას თან ერთვის ის ფაქტიც, რომ ძალიან დაბალია აცრილი მოსახლეობის პროცენტი.

„დავაკვირდებით, ერთ-ორი კვირა და თუ ისევ დაბალი იქნება აქტიურობა, გავაფართოვებთ აცრის არეალს. სირცხვილი იქნება ეს ვაქცინები რომ ვერ ავითვისოთ. გამოდის, რომ მაშინ ქართველებს, მაპატიეთ და, მეტი განათლება გვჭირდება“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურიმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 6 პაციენტი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 29 341 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 419 შემთხვევა. ყველაზე მეტი - 203 თბილისში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG