Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრი უარყოფს აცრის შემდეგ ერთ-ერთი მოქალაქის ჯანმრთელობის გაუარესებას


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისში, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მოჰყვა აცრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

„ვნახე, სოციალურ ქსელში არის სავსე ბანერები, რომლითაც ვრცელდება ანტივაქსერული პროპაგანდა. განსაკუთრებით „ასტრაზენეკას“ მიმართ. გადავამოწმეთ ფაქტი, რა თქმა უნდა, სხვანაირად მედიას პასუხს არ გავცემდი და ღუდუშაურის საავადმყოფო უარყოფს მათთან მსგავსი პაციენტის არსებობას. შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი სიცრუე და დეზინფორმაცია, კიდევ ერთი მტრობაა საქართველოს მოქალაქეების“, - უთხრა მედიას ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც ამჟამად ბათუმში იმყოფება.

ჯანდაცვის მინისტრი ყველას სთხოვს, ანტივაქსერული პროპაგანდითა და დეზინფორმაციის გავრცელებით ნუ შეეცდებიან მოქალაქეების დაშინებას, რადგან, ტიკარაძის თანახმად, ვაქცინაცია მათი უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია და მის თანმიმდევრულ განვითარებას ყველამ ხელი უნდა შეუწყოს.

საქართველოში 15 მარტიდან მიმდინარეობს ვაქცინაცია "ასტრაზენეკას" ვაქცინით. 30 მარტიდან აცრა დაიწყება "ფაიზერის" ვაქცინითაც. ამ ეტაპზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები იცრებიან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 26 მარტის 14:00 საათისთვის აცრილთა რაოდენობა 4344-ია, ხოლო ვაქცინაციისთვის დარეგისტრირებულების - 11 273.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG