Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფაიზერით“ აცრისთვის პორტალზე თბილისში ადგილები პრაქტიკულად შევსებულია


თამარ გაბუნია
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის პორტალზე ადგილები თბილისში პრაქტიკულად შეივსო, ხოლო დარჩენილია ქუთაისსა და ბათუმში.

„მაღალი აქტივობა იყო პორტალზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ასევე 15 22-ზე დიდი რაოდენობით ზარი შემოვიდა. მოლოდინის პერიოდი იყო უფრო ხანგრძლივი, ვიდრე სხვა დროს. ამან გამოიწვია გარკვეული შეფერხებები. ვმუშაობთ ტექნიკურ ჯგუფთან, რომ დაჩქარდეს პასუხის გაცემა, რათა მომდევნო დღეებშიც თუ იქნება ასეთი აქტივობა, მოლოდინის რეჟიმი იყოს მინიმალური", - აღნიშნავს გაბუნია. ის ამბობს, რომ სამინისტრო ელოდება მონაცემებს, რამდენი დოზა „ფაიზერი“ დარჩა.

„დაახლოებით სამი ათასამდე უნდა იყოს დარჩენილი რეზერვში. დამატებითი დრო იქნება გამოყოფილი, რომ სრულად მოხდეს მისი დაჯავშნა. თუმცა „ფაიზერი“ ყველას მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. მოვუწოდებ ყველას, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და გამოიყენონ ის ვაქცინა, რაც ქვეყანაში არის. ათი ათასზე ცოტა მეტია რეგისტრირებული, თუმცა ამ მონაცემებს დაემატება ქუთაისისა და ბათუმის ჯავშნები“, - თამარ გაბუნიას კომენტარს „პირველი არხი“ აქვეყნებს.

ამჟამად საქართველოს აქვს ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის 29 500 დოზა. ამ ვაქცინით აცრა 30 მარტიდან დაიწყება. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების შემდეგ, ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება 25 მარტიდან დაიწყეს 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებმაც.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "ფაიზერის" ვაქცინით აცრა შესაძლებელი იქნება თბილისის 4 კლინიკაში: რესპუბლიკური საავადმყოფო, ბოკერიას სახელობის კლინიკა, კავკასიის მედიცინის ცენტრი და ამტელ-ჰოსპიტალი. ქუთაისში - ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა და ბათუმში - რესპუბლიკურ საავადმყოფოში. საქართველოს მასშტაბით 20 მრავალპროფილიან კლინიკაში გაგრძელდება "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრა.

საქართველოში 15 მარტს დაიწყო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური კონცერნის AsrtaZeneca-ს ვაქცინით, რომლის 43200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. ამ ვაქცინით 4100-მდე ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის ისედაც დაბალი ტემპი კიდევ უფრო შეანელა "ასტრაზენეკათი" აცრის შემდეგ ახალციხელი ექთნის გარდაცვალებამ, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიის შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG