Accessibility links

site logo site logo

ძიუდოისტი თემურ ნოზაძე თბილისის გრან სლემზე ჩემპიონი გახდა


თემურ ნოზაძე

ქართველმა ძიუდოისტებმა ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედლით დაასრულეს თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრან სლემის პირველი დღე. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე თემურ ნოზაძე ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალთან ერთად ათასი სარეიტინგო ქულაც დაიმსახურა, ვაჟა მარგველაშვილსა (66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანს (57 კგ) კი უმაღლეს ტიტულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ და შვიდას-შვიდასი ქულა გამოიმუშავეს.

თემურ ნოზაძემ ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა და საჩემპიონო ბრძოლაში უზბეკ კემრან ნურილაევს აჯობა. ეთერ ლიპარტელიანმაც ოთხი გამარჯვება მოიპოვა დილის პროგრამაში. მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავი იყო ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედი (2019 წლის) ჩემპიონის, კანადელი კრისტა დეგუჩის ძლევა. ფინალში კი 21 წლის ქართველი ძიუდოისტი კიდევ ერთ გამოცდილ და ტიტულოვან მოწინააღმდეგეს, კოსოვოელ ევროპის ჩემპიონ (2018) ნორა გიაკოვას, დაეჭიდა და ვერაფერი მოუხერხა. ვაჟა მარგველაშვილი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე უზბეკმა სარდორ ნურილაევმა არ აუშვა.

დღესვე ფინალურ ბლოკში საქართველოს სახელით ბაგრატ ნინიაშვილმა და ტატიანა ლევიცკა-შუკვანმაც იჭიდავეს, მაგრამ რეპეშაჟის ფინალში წააგეს და მეხუთე ადგილებს დასჯერდნენ - ნინიაშვილი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ხოლო ლევიცკა-შუკვანი - 52-ში.

ხვალ საპრიზო სამეულები ვაჟთა შორის 73 და 81 კილოგრამებში გათამაშდება, ქალთა შორის - 63 და 70 კილოგრამებში. თბილისის გრან სლემი 28 მარტის ჩათვლით გაგრძელდება და მამაკაცთა და ქალთა შორის, სულ, მედლების შვიდ-შვიდი კომპლექტი გათამაშდება. ამასთან, სპორტსმენები, შედეგების მიხედვით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სარეიტინგო ქულებსაც მიიღებენ. შეჯიბრებაში მსოფლიოს ოთხმოცი ქვეყნის ხუთასამდე ძიუდოისტი იღებს მონაწილეობას, საქართველოს ნაკრები კი გრან სლემზე ოცდათორმეტკაციანი შემადგენლობით გამოდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG