Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, შეწყდეს რობერტ ქოჩარიანის სისხლის სამართლის საქმე


სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი.
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი.

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა დადგენილება, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე 2008 წელს საპროტესტო დემონსტრაციის ჩახშობასთან დაკავშირებით.

სასამართლოს თავმჯდომარემ, არმან დილანიანმა 27 მარტს განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი საკონსტიტუციო წყობის ჩამოგდების თაობაზე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ორ სხვა მუხლს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. ეს ნიშნავს, რომ ქოჩარიანის საქმე უნდა შეწყდეს, განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა არამ ვარდევანიანმა.

პროკურატურას ჯერჯერობით არ გაუკეთებია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი.

რობერტ ქოჩარიანს, რომელიც 1998-2008 წლებში ედგა სათავეში ქვეყანას, 2008 წელს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის დარღვევაში ედება ბრალი. მაშინ მისი ბრძანებით პოლიციის ქვედანაყოფები გაგზავნეს არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო დემონსტრანტების წინააღმდეგ. შეტაკებებში რვა დემონსტრანტი და ორი პოლიციელი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG