Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: ვაგრძელებთ შრომას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისათვის


„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ, მაქსიმალურად ისარგებლოს ყველა სიკეთით, რაც ევროინტეგრაციას მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისათვის“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების ოთხი წლისთავს და ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ საქართველო „აგრძელებს შრომას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისათვის და ემზადება 2024 წელს ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად“.

„დღეს ევროკავშირის / შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების 4 წლისთავს აღვნიშნავთ. 2017 წლის მარტის ისტორიული გადაწყვეტილებით ევროკავშირმა და ევროპის ქვეყნებმა საქართველო სანდო და ღირსეულ პარტნიორად აღიარეს. ეს დემოკრატიის გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარებისთვის ჩვენი ძალისხმევის, გატარებული რეფორმების უმაღლესი შეფასებაა. ამ უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენამ კიდევ უფრო დააახლოვა საქართველო ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახს და ახალი შესაძლებლობები გახსნა მის წინაშე. დღემდე საქართველოს მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა უვიზო მიმოსვლით ევროპის ქვეყნებში“, - წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროპაში მოკლევადიანი ვიზიტები, რაც გულისხმობს 90 დღის გამოყენებას - ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში;

ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ.

მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნესშეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრენინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს; უვიზო რეჟიმი არ შეეხება ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში გრძელვადიან ვიზიტებს განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა მიზნით;

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით დარჩენის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს ვიზის მისაღებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG