Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯღალოსნებმა ვადაზე ადრე გაინაღდეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჩემპიონის ტიტული


საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეოთხე თამაში ჩაატარა, მეოთხედაც მოიგო და ჩემპიონის ტიტული გაინაღდა, შეჯიბრების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს გამართულ შეხვედრაში ბორჯღალოსნები რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ტაიმნახევარი მეტოქესთან შედარებით ერთით ნაკლებნი იყვნენ მინდორზე (მეოცე წუთზე მსაჯმა შალვა მამუკაშვილი გააძევა წითელი ბარათით), მაგრამ მაინც დამაჯერებლად აჯობეს მოწინააღმდეგეს და თერთმეტქულიანი უპირატესობით დაამარცხეს - 28:17. ტურნირის ბოლო ტურის შეხვედრას ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი ისევ საქართველოში ჩაატარებს, 27 ივნისს, ბელგიასთან ან ჰოლანდიასთან.

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, რუმინეთთან მატჩამდე სამი გასვლითი თამაში ჩაატარა. მოუგო პორტუგალიას (ანგარიშით 29:16), ესპანეთს (25:19) და რუსეთს (23:6). კორონავირუსის პანდემიის გამო ის შეხვედრები მაყურებლის გარეშე გაიმართა. დღეს კი, გულშემატკივრები ტრიბუნებს დაუბრუნდნენ.

რუმინეთის ძლევით, ბორჯღალოსნებმა შეინარჩუნეს ანთიმოზ ივერიელის სახელობის გარდამავალი თასი, რომელიც ტრადიციულად, ამ ორი ნაკრების ურთიერთშეხვედრებში თამაშდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG