Accessibility links

site logo site logo

პაატა მანჯგალაძე: კომპრომისები საჭიროა ორივე მხრიდან


პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესში კომპრომისები ორივე მხრიდან საჭიროა. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა თუ ხისტი პოზიციები მის რიგებშიც გაჩნდება, ამის თაობაზე „სტრატეგია აღმაშენებელი“ თავის პოზიციას საჯაროდ დააფიქსირებს:

„იმ ტიპის ჩიხშია, იმ ტიპის ტურბულენციაა რეგიონში, რომ საქართველოს არა აქვს ამ პოლიტიკური კრიზისის გრძელვადიანად გაგრძელების შესაძლებლობა. ამიტომ კომპრომისები საჭიროა ორივე მხრიდან. ჩვენ მზადა ვართ, მათ შორის არასამთავრობოებთან ერთად, მათ შორის მედიაციით, რა ფორმატიც იქნება. მართალია ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური მოლაპარაკების შედეგი მიღწევისთვის, მაგრამ თუ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ოპოზიციის მხარესაც არის გარკვეული ხისტი პოზიციები, ჩვენ რა თქმა უნდა, არ მოვერიდებით იმას, რომ გამოვიდეთ და საჯაროდ დავაფიქსიროთ პოზიცია. რა თქმა უნდა, ჯერ შევეცდებით, რომ დავარწმუნოთ ჩვენი ოპოზიციური კოლეგები რომ თვითმიზანი არ არის არც გამარჯვება, არც ვადამდელი არჩევნების ჩატარება, აქ არის სწორი პროცესის დაწყება იმიტომ, რომ დემოკრატიის პრინციპი არის ხალხის მმართველობა", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ "დილის საუბრებში".

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად თბილისში 27 მარტს დაბრუნდა. გუშინ, 28 მარტს კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებს, კარლ ჰარცელს და კელი დეგნანს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. დღეს, 29 მარტს დილით მან უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან.

ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი აგრძელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს, თბილისში დაწყებულ მედიაციის პროცესს. საქართველოში დანიელსონის წინა ვიზიტისას, 12-18 მარტს, მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რაშიც ერთმანეთი დაადანაშაულეს.

მთავარი, რასაც ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, მათ მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. "ქართული ოცნება" პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობას უარყოფს და ვერც ვადამდელი არჩევნების საფუძველს ხედავს, რის დასტურადაც მოჰყავს თავად ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებულ მედიაციის პროცესში განსახილველ საკითხებს შორისაა სასამართლოს და საარჩევნო სისტემის რეფორმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG