Accessibility links

site logo site logo

ირაკლი კობახიძე: ხვალ ან ზეგ ყველა გაიგებს ყველაფერს


პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საზოგადოება უახლოეს ორ დღეში გაიგებს, თუ რაზე ლაპარაკობდნენ ხელისუფლება და ოპოზიცია ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებისას.

„ხვალ ან ზეგ, გპირდებით, ყველა გაიგებს ყველაფერს“, - უთხრა დღეს მედიას ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის სიტყვებით: „თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ არ მოეწერა ხელი, ან მოეწერა ხელი, ორივე შემთხვევაში საზოგადოება გაიგებს დეტალებს, შინაარსს ჩვენი საუბრების“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად თბილისში 27 მარტს დაბრუნდა. შვედი დიპლომატი აგრძელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს, თბილისში დაწყებულ მედიაციის პროცესს. საქართველოში დანიელსონის წინა ვიზიტისას, 12-18 მარტს, მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რაშიც ერთმანეთი დაადანაშაულეს.

მთავარი, რასაც ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, მათ მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. „ქართული ოცნება“ პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობას უარყოფს და ვერც ვადამდელი არჩევნების საფუძველს ხედავს, რის დასტურადაც მოჰყავს თავად ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებულ მედიაციის პროცესში განსახილველ საკითხებს შორისაა სასამართლოს და საარჩევნო სისტემის რეფორმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG