Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი აცხადებს, რომ მცირე დარღვევების გამო სამარტოო საკანი ემუქრება


პატიმრობაში მყოფი კრემლის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი შიშობს, რომ მას შემდეგ, რაც ის მცირე დარღვევებში დაადანაშაულეს, სასჯელის სახით სამარტოო საკანში ემუქრება გამოკეტვა.

29 მარტს ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ტექსტში ნავალნი ამბობს, რომ მან ორი კვირის განმავლობაში ექვსი საყვედური მიიღო კოლონიაში, სადაც ამჟამად იხდის სასჯელს. "ორი საყვედურის მიღების შემდეგ გადადიხარ სადამსჯელო იზოლაციაში - რომელიც უსიამოვნო ადგილია, იქ არსებული პირობები წამებას უტოლდება", - ამბობს ნავალნი.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი, 44 წლის ნავალნი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება შრომა-გასწორების ნომერ მეორე კოლონიაში, რომელიც მოსკოვიდან 100 კილომეტრამდე მანძილის მოშორებით მდებარეობს და რომელიც ცნობილია რუსეთის ერთ-ერთ უკმაცრეს სატუსაღოდ.

ნავალნი ამბობს, რომ მისთვის გამოცხადებული საყვედურები მოიცავს "'ადგომის' ბრძანების გაცემის შემდეგ ლოგინიდან 10 წუთით გვიან წამოდგომას" და ადვოკატებთან შეხვედრის დროს მაისურში ყოფნას.

"ველოდები საყვედურს ფორმულირებით 'იღიმებოდა დღის განმავლობაში, როცა უნდა ეტანჯა'", - წერს ნავალნი ინსტაგრამზე და დასძენს, რომ ამ ვითარებამ მას შეახსენა სკოლის პერიოდი, როცა მოსწავლეებს უბრძანებდნენ არ ეკამათათ მასწავლებლებთან, რადგან მასწავლებლებმა "ყველაფერი უკეთ იცოდნენ".

გასულ კვირაში ყურადღების ცენტრში მოექცა ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მას შემდეგ, რაც მისმა მოკავშირეებმა შეშფოთება გამოხატეს მის გაუარესებაზე და ციხის მესვეურებს მისი მდგომარეობის შესახებ განმარტების გაკეთებისკენ მოუწოდეს. ნავალნი ამბობს, რომ აწუხებს ზურგის ძლიერი ტკივილები და ციხის მესვეურები "არაფერს" აკეთებენ მისი მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG