Accessibility links

site logo site logo

კრისტიან დანიელსონი ხვდება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „რესპუბლიკურ პარტიას“


სალომე სამადაშვილი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ამ წუთებში ხვდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სალომე სამადაშვილსა და აკაკი მინაშვილს, ასევე „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს.

როგორც სამადაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე თქვა, ოპოზიციამ დღემდე ყველაფერი გააკეთა კომპრომისის მისაღწევად.

„პირველ რაუნდზე, სამწუხაროდ, ხელისუფლების პოზიციამ შეუძლებელი გახადა პროგრესი და რაიმე შეთანხმებაზე საუბარი. ჩვენ პირველ რიგში მოვედით იმისთვის, რომ მოვისმინოთ, როგორ განახლდა ხელისუფლების პოზიცია, მას შემდეგ, რაც მათ ძალიან მკაფიო გზავნილები მიიღეს ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული მოკავშირეებისგან. ამ შეთანხმებას ელოდება როგორც ბრიუსელი, ისევე ვაშინგტონი.

ყველა პუნქტი, რომელიც არის აღწერილი მიშელის მიერ დადებულ გეგმაში, სასაუბროში, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ყველა ამ პუნქტზე ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს იმისთვის, რომ ვისაუბროთ შეთანხმების შესაძლებლობაზე. რა სივრცე არის შეთანხმების, ეს უკვე გამოჩნდება მედიატორთან შეხვედრის შემდეგ“, - აცხადებს სამადაშვილი.

პოლიტიკოსი ოპოზიციის მოთხოვნებიდან გამოყოფს, მისი შეფასებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხებს.

„ჩვენი პოზიცია საზოგადოებისთვის არის ცნობილი. პოლიტპატიმრები - ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდნენ; ქვეყანაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მართლმსაჯულების აღსრულება. იცით ძალიან კარგად, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა საბოლოოდ ეს არის ვადამდელი არჩევნები. არსებობს სხვადასხვა გზა, მათ შორის, კომპრომისული პოზიცია, რომელიც დააყენა ოპოზიციამ“, - თქვა შეხვედრის დაწყებამდე სამადაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად თბილისში 27 მარტს დაბრუნდა. გუშინ, 28 მარტს კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებს, კარლ ჰარცელს და კელი დეგნანს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

29 მარტს დანიელსონი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი აგრძელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს, თბილისში დაწყებულ მედიაციის პროცესს. საქართველოში დანიელსონის წინა ვიზიტისას, 12-18 მარტს, მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რაშიც ერთმანეთი დაადანაშაულეს.

მთავარი, რასაც ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, მათ მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. „ქართული ოცნება“ პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობას უარყოფს და ვერც ვადამდელი არჩევნების საფუძველს ხედავს, რის დასტურადაც მოჰყავს თავად ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებულ მედიაციის პროცესში განსახილველ საკითხებს შორისაა სასამართლოს და საარჩევნო სისტემის რეფორმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG