Accessibility links

site logo site logo

როგორ შემოიღო ლენინმა სტალინიზმი. იყო თუ არა „ნეპი“ დესპოტიის პროლოგი


ლენინის მავზოლეუმი

ასი წლის წინ, 1921 წლის 28 მარტს, სსრკ-ის სახალხო კომისართა საბჭომ (სახკომსაბჭო) გამოსცა დეკრეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების თავისუფალი გაცვლის, შესყიდვისა და გაყიდვის შესახებ იმ გუბერნიებში, რომლებიც ასრულებდნენ ე.წ. სასურსათო გაწერას, ანუ სახელმწიფოსათვის საჭმლისა და ნედლეულის ჩაბარების გეგმას.

მიჩნეულია, რომ სწორედ აქედან იღებს დასაბამს ახალი ეკონომიკური პოლიტიკა (რუსულად НЭП), რომელსაც დღემდე ზოგიერთი ისტორიკოსი ხოტბა-დიდებას ასხამს იმისთვის, რომ მან შესაძლებელი გახადა „პირველი მსოფლიო და სამოქალაქო ომების შედეგად განადგურებული ეკონომიკის სწრაფი აღდგენა“.

სინამდვილეში, რუსეთის სახალხო მეურნეობა არ ყოფილა დანგრეული პირველი მსოფლიო ომის შედეგად - 1917 წელს მდგომარეობა დაძაბული იყო, მაგრამ არანაირად არ ყოფილა კატასტროფული.

როგორც ისტორიკოსი მიხაილ გელერი წერდა, 1913-1916 წლებში შეიმჩნეოდა როგორც სამრეწველო წარმოების, ისე მწარმოებლური შრომის ზრდა. ნამდვილი კოლაფსი, რასაც შიმშილობაც ახლდა თან, 1917-1920 წლების სამხედრო კომუნიზმისა და სოციალიზმისკენ ნახტომის შედეგია. ამგვარად, მარქსისტული გეგმური პათოლოგიის შემდეგ, 1921 წელს, ქვეყანა დაუბრუნდა ნაწილობრივ საბაზრო ეკონომიკას.

1921 წლის გაზაფხულის რამდენიმე კვირაში საკავშირო ცენტრალურმა კომიტეტმა (ცეკამ) დაამტკიცა დეკრეტი სასურსათო გაწერის სასურსათო გადასახადით (продналог) შეცვლის თაობაზე და დაუშვა წვრილი მეწარმეობა. ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა რუსეთის კომუნისტური პარტიის (რკპ(ბ) მე-10 ყრილობის შემდეგ. პარტოკრატების სწორედ ეს თავყრილობა ითვლება სტალინის ტრიუმფის დასაწყისად, რამაც, გარკვეულწილად, გზა გაუხსნა ადრეულ სტალინიზმს.

სტალინი ერთპიროვნული ძალაუფლებისკენ ილტვის

1918-1920 წლებში ბოლშევიკური დიქტატურის მწვერვალზე მყარად იყო გამეფებული ლენინისა და ტროცკის ტანდემი და მათ შორის ურთიერთობა სულაც არ იყო უღრუბლო.

ამ პერიოდში საბჭოეთის მომავალი ბელადი, სტალინი, ძირითადად ტროცკის წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვითა და საკუთარ ხელში ძალაუფლების თავმოყრით იყო დაკავებული.

მთელი სამოქალაქო ომის განმავლობაში სტალინი, რომელიც ვლადიმირ ილიჩის ერთგულებას განასახიერებდა, ხშირად კამათობდა სამხედრო-საზღვაო ძალების სახალხო კომისართან, სხვათა შორის, ოპერატიული საკითხების გარშემო. ამასთან, სტალინი არ აძლევდა გასაქანს ემოციას, მიუხედავად იმისა, რომ მასა და ტროცკის შორის ურთიერთანტიპათია პირველი დანახვისთანავე გაჩნდა.

სინამდვილეში, არ არსებობს არანაირი სამეული, არის სტალინის დიქტატურა...

ტროცკის მოგონებების თანახმად, მისი დაუძინებელი მტრის სიფრთხილემ უკვე 1918 წლის პირველი ცხარე კამათის დროს იჩინა თავი: „მაგრამ სტალინს თავი ისე ეჭირა, რომ ნებისმიერ დროს შეძლებოდა უკან გადახტომა“. მეტიც, იმისთვის, რომ საქმის კურსში ყოფილიყო, სტალინი ორჯერ ნებაყოფლობით გადავიდა საძულველი მეტოქის დაქვემდებარებაში - ჯერ 1918-1919 წლების ოქტომბერ-ივლისში, შემდეგ კი 1920-1922 წლების მაის-აპრილში, როდესაც ტროცკის ხელმძღვანელობით მოქმედი რევოლუციური სამხედრო საბჭოს წევრი იყო.

თავის თავზე შეყვარებულმა და ქედმაღალმა ტროცკიმ ამ პოსტზე ბევრი მტერი გაიჩინა, რომლებსაც ყურადღებით ეპყრობოდა თავშეკავებული სტალინი.

უკვე 1918 წელს სტალინმა თავის გარშემო შემოიკრიბა ჯგუფი ერთგული ადამიანებისა, რომლებსაც, ტროცკის სამართლიანი შენიშვნით, „მხოლოდ აპარატის წყალობით შეეძლოთ პოლიტიკური არსებობა“.

მაგრამ არ უნდა მივიჩნიოთ, რომ 1918-1920 წლებში მომავალი ბელადი ძირითადად მხოლოდ ტროცკის წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვითა და ძალაუფლების თავის ხელში თავმოყრით იყო დაკავებული.

ცარიცინის დაცვა 1918 წელს, პეტროგრადის დაცვა 1919 წელს, მოსკოვზე დენიკინის ჯარების იერიშის მოგერიება და, ბოლოს, 1920 წლის ლაშქრობა პოლონეთზე - ეს სტალინის მონაწილეობით ჩატარებული ის სამხედრო ოპერაციებია, რომლებზეც იმხანად ბოლშევიკური სახელმწიფოს არსებობა იყო დამოკიდებული. სწორედ მაშინ გამოიკვეთა სტალინის მართვის სტილი: როგორც რეალურად, ისე პოტენციურად არალოიალურ პირთა დახვრეტა და ტერორში თანამონაწილეობა.

გაკვირვებას იწვევს ასევე პარტიული და სახელმწიფოებრივი თანამდებობების რაოდენობა, რომელსაც სტალინი იმხანად იკავებდა. სტალინი ლენინის თავმჯდომარეობით მოქმედ საერთო-საკავშირო ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტში (ВЦИК) წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციის მუშათა და გლეხთა თავდაცვის საბჭოს, რომელიც ტროცკის რევოლუციური-სამხედრო საბჭოს საპირწონედ იყო შექმნილი და ევალებოდა სამეურნეო საკითხების გადაჭრა.

  • 1920 წლის გაზაფხულიდან სტალინი ერთდროულად იყო ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროსა და ორგბიუროს ერთადერთი წევრი.
  • გარდა ამისა, ის ხელმძღვანელობდა რსფსრ-ის სახელმწიფო კონტროლის სახალხო კომისარიატს, რომელიც 1920 წლიდან გადაკეთდა მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარიატად.

სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, სტალინი სახალხო კომისართა საბჭოს ყველა სხვა წევრის (მინისტრების), მათ შორის თავისებური ფინანსური დისციპლინის აუდიტით იყო დაკავებული.

არ შეიძლება ითქვას, რომ ტროცკი ვერ ამჩნევდა თავისი მეტოქის მუდმივ აღზევებას, მაგრამ თავის თავზე შეყვარებული და საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენის მქონე სამხედრო-საზღვაო ძალების სახალხო კომისარი ამას მნიშვნელობას არ ანიჭებდა. წითელი არმიის შემქმნელი და სამოქალაქო ომში გამარჯვებული ტროცკი დიდების მწვერვალზე იმყოფებოდა, როდესაც ლენინს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ არ დაეშვა ახალი ბოლშევიკური ნაპოლეონის გამოჩენა. მთავარი კონკურენტის ნეიტრალიზება საგულდაგულოდ მომზადებულ პარტიის მე-10 ყრილობაზე გადაწყდა.

მე-10 ყრილობა

სტალინს ესმოდა თავისი, როგორც ტროცკის საპირწონის, როლი, თუმცა, ამ უკანასკნელის მიმართ მწვავე არაკეთილგანწყობის მიუხედავად, ცდილობდა დაეცვა ზრდილობის წესები.

მე-10 ყრილობის წინ სტალინმა „პრავდაში“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „ჩვენი უთანხმოება“, რომელშიც საკმაოდ მშვიდად აკრიტიკებდა სამხედრო-საზღვაო ძალების სახალხო კომისარს იმის გამო, რომ ამ უკანასკნელს სურდა, პროფკავშირები, საბოლოოდ, გასამხედროებულ, მუშების იძულებითი შრომის ორგანოდ გადაექცია. იმხანად ლენინი ამას არადროულ ზომად მიიჩნევდა.

1921 წლის მარტის ყრილობაზე სტალინმა წაიკითხა ორი მოხსენება: „ნაციონალურ საკითხში პარტიის მორიგი ამოცანების შესახებ“ და „დასკვნითი სიტყვა“. სტალინის ავტორიტეტი უკვე მაშინ იყო მნიშვნელოვანი - ნაციონალური მშენებლობის, ანუ მომავალი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის, შესახებ მისი რეზოლუციის პროექტი ერთსულოვნად იქნა მიღებული (მხოლოდ ორმა შეიკავა თავი).

თავად ტროცკი ყრილობის ნახევარს არ ესწრებოდა, რადგან ცეკამ (ანუ ლენინმა) იგი კრონშტადტის აჯანყების ჩასახშობად გაგზავნა. სტალინი კი ყრილობაზე ყოველდღე მუშაობდა.

რა თქმა უნდა, იმხანად მხოლოდ სტალინი არ ყოფილა არც ერთადერთი და არც მთავარი იარაღი ლენინის ხელში ტროცკის წინააღმდეგ - 1920 წლის ბოლოს ვლადიმირ ილიჩი გამუდმებით აქეზებდა სამხედრო-საზღვაო ძალების სახალხო კომისრის წინააღმდეგ კამენევსა და ზინოვიევს.

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დასრულდა ტროცკის განეიტრალებით, ხოლო რევოლუციის ორ ბელადს შორის დებატები დასრულდა იმით, რომ ლენინმა ძალით გაატანინა ყრილობას რეზოლუცია „პარტიის ერთიანობის შესახებ“. დოკუმენტის თანახმად, შემდგომში იკრძალებოდა პარტიის შიგნით ფრაქციების, ჯგუფებისა და პლატფორმების არსებობა. ანუ ლენინმა 1921 წელს შეინარჩუნა არა მხოლოდ ძალაუფლება, არამედ ბელადის ავტორიტეტი. თანაც, ქვეყნის ერთპიროვნულ ლიდერს გამოუჩნდა ძალიან უნარიანი მოადგილე პარტიულ საკითხებში.

აღსანიშნავია, რომ ცეკას არჩევნებში სტალინმა ტროცკიზე უფრო მეტი ხმები მიიღო - 458 452-ის წინააღმდეგ. გარდა ამისა, სამხედრო-საზღვაო ძალების სახალხო კომისარზე მეტი ხმა მიიღეს კალინინმა (470) და მოლოტოვმა (453). ცენტრალურ ორგანოში პირველად მოხვდა სტალინის საბრძოლო მეგობარი, ვოროშილოვი, და ერთგული თანამგზავრი, ორჯონიკიძე. ბოლშევიკური არეოპაგის წევრობის კანდიდატები გახდნენ კიროვი და კუიბიშევი.

მაგრამ იმხანად სტალინის გადამწყვეტ გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს მოლოტოვის აღზევება. მე-10 ყრილობის ბოლო დღეს, 16 მარტს, მოლოტოვი დანიშნეს ცეკას (ცენტრალური კომიტეტის) პასუხისმგებელ მდივნად. მანამდე ვიაჩესლავ მიხაილოვიჩი, არაფრით გამორჩეული პარტიული მოღვაწე, უკრაინის კომპარტიის ცეკას მდივანი იყო და უეჭველია, რომ ძველი ნაცნობის მოსკოვში გადმოყვანისათვის, პირადი ლოიალობის სანაცვლოდ, სწორედ სტალინს უნდა შეეწყო ხელი. და სტალინი, რომელიც ხალხში კარგად ერკვეოდა, არც მოტყუებულა.

მოლოტოვი სტალინთან დაპირისპირებულ ბანაკებს არც 1921-22 წლების დროს მიჰკედლებია და 1953 წლის შემდეგაც შეინარჩუნა მის მიმართ ერთგულება საქმითა და სიტყვით.

მე-10 ყრილობის შემდეგ, ცეკას პლენუმზე, მოლოტოვი აირჩიეს პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატად. თავად პოლიტბიურო შედგებოდა ხუთი წევრის: ლენინის, სტალინის, ტროცკის, კამენევისა და ზინოვიევისგან და სამი კანდიდატის: მოლოტოვის, კალინინისა დ ბუხარინისგან. ამასთან, პოლიტბიუროს წევრთა ავადმყოფობის ან მივლინებაში ყოფნის დროს კანდიდატებს უფლება ჰქონდათ, მათ ნაცვლად მონაწილეობა მიეღოთ კენჭისყრაში.

ამგვარად, 1921 წლის მარტიდან 1923 წლის აპრილამდე სტალინი და მისი ხალხი პოლიტბიუროში ფლობდნენ ხმათა ტექნიკურ უმრავლესობას. გარდა ამისა, სტალინს სახელმწიფო-პარტიულ აპარატში სხვა „მნიშვნელოვან“ ადამიანებთანაც ჰქონდა მეგობრული კავშირები - მაგალითად, ფელიქს ძერჟინსკისთან.

მიუხედავად ამისა, სტალინი გრძნობდა, რომ მისი მდგომარეობა, როგორც პარტიაში მეორე პირისა, ჯერ კიდევ მყიფე იყო, რის გამოც მე-10 ყრილობის შემდეგ მალევე დაიწყო ლენინის საქებარი წერილების დაწერა. ერთ-ერთ ასეთ წერილში იგი აქებდა ლენინის სახელმწიფო ელექტრიფიკაციის გეგმას (გოელრო) და უსუსურად მიიჩნევდა ტროცკისეულ თეზისებს რუსეთის „სამეურნეო აღორძინების“ შესახებ.

ლენინის მიმართ მლიქვნელობის გარდა, 1921-1922 წლების გაზაფხულზე სტალინი მთლიანად იყო ჩაფლული სახელმწიფო და პარტიული მშენებლობის საქმეში, მათ შორის სსრკ-ის „განაპირა მხარეების ეროვნულ წარმონაქმნებში“, და ასევე გულმოდგინედ განაგრძობდა მომავალი მომხრეების შერჩევას.

ვლადიმირ ილიჩი კმაყოფილი დარჩა თავისი დაუზარელი ადმინისტრატორის მოღვაწეობით და დააჯილდოვა იგი მეფური საჩუქრით: 1922 წლის 3 აპრილს სტალინი გახდა ცეკას პასუხისმგებელი მდივანი მოლოტოვის ნაცვლად. გარდა ამისა, ამ თანამდებობას ეწოდა „გენერალური მდივანი“, რითაც სტალინი უკვე ფორმალურადაც გახდა პარტიაში მეორე პირი. ხოლო 1922 წლის მაისში, როდესაც ლენინი მძიმედ გახდა ავად, პირამიდის მწვერვალზე უკვე საკმაოდ მყარად მდგარმა სტალინმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიჰყო ხელი პარტიულ-სახელმწიფოებრივი აპარატის საკუთარ ხელში აღებას.

მცირე ხნით გამოჯანმრთელების შემდეგ ლენინმა თანდათანობით გააცნობიერა, თუ ვის ხელში გადადიოდა ძალაუფლება და შეეცადა დაახლოებოდა ტროცკის სტალინის საპირწონედ, მაგრამ მალე კვლავ შეუბრუნდა სენი და 1923 წლის დასწყისიდან ჯუღაშვილი უკვე ფაქტობრივად მთელ საბჭოთა კავშირს მართავდა.

ეს თანდათანობით გააცნობიერა მისმა ორმა მოკავშირემ. 30 ივლისს ზინოვიევი სწერს კამენევს: „თუ პარტიას ბედმა არგუნა (თუნდაც, ისტორიის მცირე მონაკვეთზე) სტალინის ერთპიროვნული მმართველობის გზით სიარული - დაე, იყოს ასე. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მე მთელ ამ ღორობაზე გადაფარებას არ ვაპირებ. ყველა პლატფორმაზე ლაპარაკობენ „სამეულზე“. იგულისხმება, რომ მასში მეც მაკისრია არცთუ უკანასკნელი როლი. მაგრამ, სინამდვილეში, არ არსებობს არანაირი სამეული, არის სტალინის დიქტატურა. ილიჩი ათასგზის მართალი იყო“.

ამ „მცირე მონაკვეთმა“ 30 წლიწადს გასტანა.

სტალინი განსაზღვრავს ქვეყნის გეზს

1920-იანი წლების პირველ ნახევარში სტალინი სრულიად ღიად წარმოაჩენდა საკუთარ თავს არა მხოლოდ როგორც აპარატის მუშაკი, არამედ როგორც პოლიტიკოსი და სულ უფრო მეტად მონაწილეობდა ქვეყნის მიმართულების განსაზღვრაში.

სტალინი 1920 წ.
სტალინი 1920 წ.

1921 წლის აგვისტოში „პრავდაში“ სტალინმა გამოაქვეყნა საპროგრამო სტატია „პარტია ხელისუფლების აღებამდე და აღების შემდეგ“, რომელშიც ის ასე განსაზღვრავდა ბოლშევიკური პარტიის ამოცანებს:

  1. ჩვენი ქვეყნის გარშემო მდებარე კაპიტალისტურ მთავრობებსა და ჯგუფებს შორის არსებული ყველა წინააღმდეგობისა და კონფლიქტის გამოყენება იმპერიალიზმის ძირის გამოსათხრელად;
  2. ყველა ზომის მიღება აღმოსავლეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გასაძლიერებლად;
  3. ყველა ძალისა და საშუალების გამოყენება დასავლეთში პროლეტარული რევოლუციების მხარდასაჭერად;
  4. წითელი არმიის გაძლიერება.

საგარეო პრიორიტეტების შემდეგ, სტალინმა მეორე ადგილზე დააყენა ქვეყნის შიდა პოლიტიკა, მათ შორის, გლეხური მეურნეობების განვითარება, სოფლის მეურნეობის ეტაპობრივი ელექტრიფიკაცია, ინდუსტრიის განვითარება და საერთაშორისო ვაჭრობის განვითარება მანქანებისა და დანადგარების შემოტანის სახით:

  • არენდატორებისა და აქციონერების მოზიდვა;
  • მანევრირებისათვის თუნდაც მინიმალური სასურსათო ფონდის შექმნა;
  • ტრანსპორტისა და მსხვილი მრეწველობის ელექტრიფიკაცია.

აქ აშკარად იკვეთება ის, რაც განხორციელდა არა მხოლოდ 1920-იან წლებში, არამედ, ნაწილობრივ, 1930-იან წლებშიც.

მივაქციოთ ყურადღება თარიღებსაც: ახალი ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანაში ნაწილობრივ სწორედ იმ დროს ამოქმედდა, როდესაც სტალინი ბოლშევიკების პარტიაში მეორე კაცი გახდა. ლენინმა ფორმულირება НЭП-ი თავდაპირველად სრულიად რუსეთის მე-10 პარტიულ კონფერენციას შესთავაზა, საბოლოო სახე კი ამ პოლიტიკას მიეცა 1921 წლის ნოემბრის მოსკოვის საგუბერნიო კონფერენციაზე. ანუ, უბრალოდ, შეუძლებელი იყო, რომ ჯუღაშვილს არ მიეღოს მონაწილეობა ახალი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში.

დაბოლოს, 1921 წლის დეკემბერში სტალინმა კიდევ ერთი პროგრამული სტატია გამოაქვეყნა - „პერსპექტივები“, რომელშიც, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით ბოლშევიკური ხელისუფლების პირველი ნაბიჯების შეფასების დროს, იგი კმაყოფილებას გამოთქვამს ბოლშევიკების წარმატებებით. „ახალი ეკონომიკური პოლიტიკის პირველი შედეგები, გაფართოებული მარაგების შექმნის სახით, მწარმოებლური შრომის წამოწევა საწარმოებში და გლეხების განწყობის გაუმჯობესება (მასობრივი ბანდიტიზმის შეწყვეტა) უეჭველად ადასტურებს ამ დასკვნას“.

ამგვარად, ნეპისდროინდელი, პირობითად, მსუყე 1920-იანი წლების დაპირისპირება 30-იანი წლების სტალინურ შიმშილობასთან, სულ მცირე, არაკორექტულია, რადგან 1920-იანი წლებიც სტალინური იყო.

ნეპი - გზა გულაგისკენ

სწორედ 1920-იანი წლების ყოველდღიურობად იქცა ისეთი სოციალური მანკიერებები, როგორიცა უმუშევრობის, პროსტიტუციის, თაღლითობის, ძარცვისა და კონტრაბანდის განუკითხავი პარპაში.

1921-28 წლების სამეურნეო მოდელს ანალოგი არ მოეპოვება რუსეთის ისტორიაში. სამაგიეროდ, ის აშკარად წააგავდა ელინისტურ ეგვიპტეს. ეს არის თეოკრატია, სადაც მმართველს დე ფაქტო ეკუთვნოდა ყველაფერი და ამ საკუთრებას ის იჯარით აძლევდა თავის ხელქვეითებს გადასახადების ასაკრებად. ამასთანავე, არსებობდა შედარებით თავისუფალი ვაჭრობა, მაგრამ ისიც, როგორც მთელი ეკონომიკა, ასევე ექვემდებარებოდა გულმოდგინე აღრიცხვას და კონტროლს სახელმწიფო მოხელეების მხრიდან. არსებობდა თესვის დაგეგმარების სახელმწიფო პროგრამაც კი.

ასე იყო საბჭოთა კავშირში, როდესაც სამხედრო კომუნიზმის დროინდელი პირდაპირი ბრძანებისა და განაწილების მოდელი შეიცვალა არაპირდაპირი სახელმწიფო რეგულირებით - საბანკო-საკრედიტო ქსელით, დაბეგვრით, კოოპერაციით, სამეურნეო ანგარიშით მომუშავე საწარმოებით და იჯარით გადაცემული ქარხნებით. და ეს ყველაფერი ხდებოდა მრავალრიცხოვან სახელმწიფო უწყებებსა და დაწესებულებებთან სავალდებულო შეთანხმებით.

ამ სისტემის პირობებში ადამიანების გაუსაძლისი არსებობა შორს იდგა კეთილდღეობისგან. სწორედ 1920-იანი წლების ყოველდღიურობად იქცა ისეთი სოციალური მანკიერებები, როგორიცა უმუშევრობის, პროსტიტუციის, თაღლითობის, ძარცვისა და კონტრაბანდის განუკითხავი პარპაში. ნაკლებეფქტიანი საწარმოების ჰიპერტროფირებული საგადასახადო მხარდაჭერით, წარმოიშვა ე. წ. ფასების მაკრატელი. ანუ საწარმოო პროდუქციის ფასები ხელოვნურად იქნა გაზრდილი, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და საკვების, შესაბამისად, შემცირებული, რამაც სოფელი გააღატაკა.

ნავთობსა და სხვა საწვავზე ფასების ზრდის გამო სოფლები წყვდიადმა მოიცვა, ადამიანებს სოფლად ჭუჭყი ჭამდა, რადგან ძნელად ხელმისაწვდომი იყო საპონი და სარეცხი საშუალებები.

ნეპი, წიაღისეულის საბადო, დონბასი. 1927 წ.
ნეპი, წიაღისეულის საბადო, დონბასი. 1927 წ.

და რაც მთავარია, ნეპს არ მოჰყოლია არავითარი პოლიტიკური შერბილება. თუ ნეპის შემოღების დროს რუსეთის კომუნისტურ (ბოლშევიკურ) პარტიაში ფრაქციულობა აიკრძალა, პლურალიზმსა და მრავალპარტიულობაზე ოცნებაც კი შეუძლებელი იყო. ბოლშევიკები მეთოდურად ანადგურებდნენ ყველა არაკომუნისტურ პარტიას. 1922 წელს გაიმართა გახმაურებული პროცესები ესერებზე (სოციალ-რევოლუციონერებზე), რომლებიც აცხადებდნენ, რომ გლეხების გულისნადებს გამოხატავდნენ.

1923 წელს ლიკვიდირებულ იქნენ მენშევიკებისა (სოციალ-დემოკრატების) და სოციალ-რევოლუციონერების უკანასკნელი მიმდევრები.

და, რაც მთავარია, ნეპი იმთავითვე არ მიაჩნდათ ბოლშევიკ ლიდერებს კომუნიზმისკენ მიმავალ ძირითად გზად. ბოლშევიკების მე-10 პარტიულ კონფერენციაზე ლენინი არ მალავდა, რომ ოცნებობდა დაბრუნებოდა სამხედრო კომუნიზმის დროინდელ პრაქტიკას თავისი მასობრივი დახვრეტებით, იძულებითი შრომითა და საკონცენტრაციო ბანაკებით. რაც შეეხება შეძლებულ გლეხებს, ლენინი მათ კაპიტალისტებსა და მემამულეებზე უფრო საშიშ მტრებად მიიჩნევდა. შესაბამისად, ნაკლებსავარაუდოა, რომ ილიჩი კმაყოფილი ყოფილიყო იმით, რომ შეძლებულმა ფენამ 1921 წელს კვლავ წამოყო თავი.

ნეპი რომ მხოლოდ დროებით მოვლენად იყო ჩაფიქრებული, ამაზე მეტყველებს ის, თუ როგორ იოლად ითქვა მასზე უარი და როგორ ერთბაშად მოჰყვა მას არა ეკონომიკური კრახი, როგორც ეს იყო 1920 წლის ბოლოს, არამედ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ზრდა.

მათ, ვინც ლენინს საბაზრო ეკონომიკის უფრო დიდ მომხრედ მიიჩნევს, ვიდრე დაგეგმარებასა და განაწილებაზე გონებადაკარგულ სტალინს, უნდა გაიხსენონ, თუნდაც, 1922 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გაჩაღებული ძალზე იშვიათი ღია კონფლიქტი საექსპორტო-საიმპორტო სავაჭრო ოპერაციებთან დაკავშირებით.

კომპარტიის ცკ-ის უმრავლესობა, მათ შორის სტალინი, მხარს უჭერდა საგარეო ვაჭრობაში ზოგიერთი მონოპოლიის შემსუბუქებას, ლენინი კი მხარს უჭერდა სახელმწიფოს როლის შენარჩუნებას და თავისი გადაწყვეტილება ლამის ძალით გაიტანა, რადგან ამ საკითხში მას მხარი ტროცკიმ დაუჭირა.

სტალინი ეკონომიკას უდგებოდა, როგორც ინსტრუმენტს: მრეწველობის განვითარების გზის განსაზღვრით მან 1920-იან წლებში ამოსუნთქვის საშუალება მისცა გლეხობას და მცირე მეწარმეებს, რომლებმაც მუყაითი შრომით გარკვეული მარაგი შექმნეს.

მაგრამ ბუხარინის ლოზუნგი „გამდიდრდით!“ მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთზე აღმოჩნდა გათვლილი: „ჩვენ ვაჩაღებთ ნეპს და ვუშვებთ კერძო დაგროვებას მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალისტური დაგროვების ლოზუნგის გატარება გაიოლდეს ჩვენი სოფლის მეურნეობის სისტემაში“, - წერდა 1925 წლის 2 ივნისს გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“.

შესაბამისად, 1929-1933 წლებში საბჭოეთში წარმატებით გატარდა რევიზიისა და რეკეტის სახელმწიფო პოლიტიკა, ხოლო ამისათვის 1921-1925 წლებში, პირველ ყოვლისა, საჭირო იყო მორჩილი აღმასრულებელი სისტემის შექმნა თითოეული სოფლიდან კრემლამდე და ლუბიანკამდე. და მეორე, ხალხს უნდა მისცემოდა უფლება, ჯერ დაეგროვებინა დოვლათი, რომ მერე შესაძლებელი გამხდარიყო გამოძალვა და გაძარცვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG