Accessibility links

site logo site logo

საქართველოში იწყება Pfizer-ის ვაქცინით აცრა


დღეიდან საქართველოში იწყება ვაქცინაცია ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNtech-ის ვაქცინით, რომლის ეფექტიანობა 95%-ია.

საქართველომ კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ამ ვაქცინის 29 500 დოზა 25 მარტს მიიღო. იმავე დღეს დაიწყო ასაცრელად 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეების რეგისტრაცია. პირველი ორი კვირის ჯავშნები საკმაოდ სწრაფად შეივსო. Pfizer-ის ვაქცინით ასაცრელად 10 ათასამდე მოქალაქე დარეგისტრირდა.

10 დღით ადრე, 15 მარტს დაიწყო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის AsrtaZeneca-ს ვაქცინით, რომლის 43200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. სპეციალურ საიტზე booking.moh.gov.ge-ზე 25 მარტიდან დარეგისტრირებულებს შეეძლოთ ორი ვაქცინიდან ერთის არჩევა. Pfizer-ის ვაქცინაზე მოთხოვნა გაცილებით მაღალი იყო.

Pfizer-ის ვაქცინით აცრა შესაძლებელია თბილისის 4 კლინიკაში: რესპუბლიკური საავადმყოფო, ბოკერიას სახელობის კლინიკა, კავკასიის მედიცინის ცენტრი და ამტელ-ჰოსპიტალი. ქუთაისში ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში და ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ამ კლინიკების გარდა, ვაქცინაციის პროგრამაში საქართველოს მასშტაბით ჩართულია კიდევ 20 კლინიკა, სადაც მოქალაქეებს AsrtaZeneca-თი ცრიან. ორივე ვაქცინის შემთხვევაში, აცრის შემდეგ დაყოვნების და დაკვირვების დრო 30 წუთიდან 45 წუთამდე გაიზარდა.

15 მარტის შემდეგ საქართველოში ვაქცინა გაიკეთა დაახლოებით 5 ათასმა ადამიანმა. ვაქცინაციის თავიდანვე დაბალი ტემპი კიდევ უფრო შეანელა აცრის შემდეგ, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიის გამო ახალციხელი ექთნის გარდაცვალებამ. მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა. რეგულირების სააგენტოს მოკვლევის დასკვნა ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG