Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაირკვევა რა დოკუმენტს სთავაზობს ევროკავშირი საქართველოში დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს თბილისში წარმოადგენს დოკუმენტს, რომლის ხელმოწერასაც კრიზისის დასაძლევად სთავაზობენ საქართველოში დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს.

„თუ შეთანხმება შედგება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები. იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. პირველ რიგში, ერთი მთავარი გამარჯვებული - საქართველოს ხალხი“, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა 29 მარტს, ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც წინ უძღოდა მისი შეხვედრები პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად თბილისში 27 მარტს დაბრუნდა.

შვედმა დიპლომატმა გააგრძელა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს, თბილისში დაწყებული მედიაციის პროცესი. საქართველოში დანიელსონის წინა ვიზიტისას, 12-18 მარტს, მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რაშიც ერთმანეთი დაადანაშაულეს.

მთავარი, რასაც ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, მათ მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რადგან მათი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

„ქართული ოცნება“ პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობას უარყოფს და ვერც ვადამდელი არჩევნების საფუძველს ხედავს, რის დასტურადაც მოჰყავს საქართველოს პარტნიორი ევროკავშირის და აშშ-ის და ეუთოს შეფასებები, რომ 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და მთლიანობაში დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებულ მედიაციის პროცესში განსახილველ საკითხებს შორისაა სასამართლოს და საარჩევნო სისტემის რეფორმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG