Accessibility links

site logo site logo

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 4 საათზე დაგეგმილი შეხვედრა 1 საათით გადაიდო


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით დაგეგმილი შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელიც დღის 4 საათზე იყო დაგეგმილი, ერთი საათით გადაიდო. ევროკავშირის მისია ინფორმაციას უდასტურებს რადიო თავისუფლებას, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს. ევროკავშირის წარმომადგენლობასთან უკვე მისულია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი. არსებობს მოლოდინი, რომ ამ შეხვედრაზე ევროპელი დიპლომატი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მხარეებს ტექსტს შესთავაზებს ხელმოსაწერად, რომელიც შარლ მიშელის მიერ შედგენილი 6 პუნქტის მიხედვით იქნება გაწერილი და ხელმოწერისთვის მოითხოვს კომპრომისს მხარეების მხრიდან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად თბილისში 27 მარტს დაბრუნდა.

შვედმა დიპლომატმა გააგრძელა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს, თბილისში დაწყებული მედიაციის პროცესი. საქართველოში დანიელსონის წინა ვიზიტისას, 12-18 მარტს, მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რაშიც ერთმანეთი დაადანაშაულეს.

მთავარი, რასაც ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, მათ მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რადგან, მათი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

„ქართული ოცნება“ პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობას უარყოფს და ვერც ვადამდელი არჩევნების საფუძველს ხედავს, რის დასტურადაც მოჰყავს საქართველოს პარტნიორი ევროკავშირის და აშშ-ის და ეუთოს შეფასებები, რომ 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და მთლიანობაში დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებულ მედიაციის პროცესში განსახილველ საკითხებს შორისაა სასამართლოს და საარჩევნო სისტემის რეფორმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG