Accessibility links

site logo site logo

ღანიმ გამოაცხადა ავღანეთის მთავრობის სამშვიდობო წინადადება თალიბანისთვის


ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ რეგიონულ სამიტზე გამოაცხადა მისი მთავრობის სამშვიდობო გეგმის ნაწილების შესახებ და პირველად მიანიშნა საკუთარ ღიაობაზე გარდამავალი მთავრობის ფორმირების თაობაზე, რომელმაც გზა უნდა გაუხსნას ვადამდელ არჩევნებს.

განცხადებები, რომლებითაც ღანი გამოვიდა 30 მარტს, ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში გამართულ, "აზიის გულის" სამიტზე, გაკეთდა იმ ფონზე, როცა აშშ და სხვა ძალები ცდილობენ აღადგინონ შეჩერებული სამშვიდობო პროცესი ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის. მოელიან, რომ ღანი კიდევ უფრო მეტ დეტალზე ისაუბრებს აშშ-ის მიერ ინიცირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც აპრილში თურქეთში გაიმართება.

გარდამავალი მთავრობის ფორმირების წინადადებით აშშ გამოდიოდა, რასაც ღანი წინააღმდეგობას უწევდა. თალიბანი ჯერჯერობით უარყოფს ქაბულის მიერ მოთხოვნილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რაც ძირს უთხრის ავღანეთის შიდა ძალების სამშვიდობო მოლაპარაკებას, რომელიც დოჰაში სექტემბრიდან მიმდინარეობს.

თავის გამოსვლაში ღანიმ წარადგინა სამპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, თუმცა თქვა, რომ თალიბანთან ნებისმიერ პოლიტიკურ შეთანხმებას დასჭირდება თანხმობა ლოია ჯირგასგან - ავღანეთის ტრადიციული დიდი კრებისგან.

ღანის თქმით, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო მეთვალყურეობით ამოქმედდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ის ღია იქნება "მშვიდობის შენების მთავრობის", ანუ გარდამავალი მთავრობის ფორმირებისთვის - რასაც ვადამდელი არჩევნები მოჰყვება. მისი თქმით, ამგვარი მთავრობა დაკომპლექტდება ქვეყნის ამჟამინდელი არჩეული ლიდერებისგან და "სხვა ავღანელებისგან" - რაშიც მან, სავარაუდოდ, თალიბანი და სხვა ძალები იგულისხმა. ღანიმ განაცხადა, რომ ძლიერად უჭერს მხარს ვადამდელი არჩევნების გამართვას და ძალაუფლებას მის არჩეულ შემცვლელს გადასცემს. არჩევნების შემდეგ, ბოლო ფაზა იქნება მშვიდობის შენარჩუნება ერთიან, დემოკრატიულ ავღანეთშიო, განაცხადა ღანიმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG