Accessibility links

site logo site logo

ღარიბაშვილი: უფლებას ვიტოვებთ აღარ დავკარგოთ დრო ახირების განხილვაზე


ირაკლი ღარიბაშვილის და კრისტიან დანიელსონის შეხვედრა. თბილისი, 2021 წლის 29 მარტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ოპოზიციასთან უშინაარსო მოლაპარაკებისთვის დროს ვეღარ დაკარგავენ.

„კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც კი არ ყოფილა და ეს ბუნებრივია, ვინაიდან ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, მთელი დასავლური საზოგადოება, მთელი მსოფლიო აღიარებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს. შესაბამისად, შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე.

ღარიბაშვილის თანახმად, მთელი ცივილიზებული საზოგადოებისგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია არ ცდილობს გამოვიდეს ჩიხიდან, სადაც „ნებაყოფლობით, თუმცაღა, სრულიად გაუგებარი გათვლებით შევიდა“. პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიციას არ ეყო გამბედაობა და გონიერება, უარი ეთქვა დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და დოკუმენტზე ხელი მოწერა:

„დღეს, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე და მთლიანად ორიენვტირდეთ რეალურ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას აწუხებს“.

ღარიბაშვილის განცხადებით, უახლოეს რამდენიმე კვირაში უნდა წარმოადგინონ მასშტაბური პროექტები სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის მიმართულებებით და აქედან გამომდინარე, არ ექნებათ დრო „უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასახარჯად“.

პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, მედიატორის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტში წარმოდგენილ ყველა საკითხზე „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა შემხვედრი, კომპრომისული და კონსტრუქციული პოზიცია და შეთანხმებს მისაღწევად მაქსიმუმი გააკეთა, თუმცა „რადიკალურ ოპოზიციას შეთანხმება არ სურდა, მედიატორს სთხოვდა დოკუმენტში დამატებითი პუნქტების შეტანას და მოლაპარაკების ჩაშლაზე იყო ორიენტირებული“ და ამას ადასტურებენ ოპოზიციის შედარებით ზომიერი წარმომადგენლებიც.

ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, "ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი ე.წ. კრიზისი, რომლის მთავარ პრობლემად წარმოჩენასაც ცდილობენ, სინამდვილეში მხოლოდ თავად რადიკალური ოპოზიციის მწვავე კრიზისია".

ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და მისი პირადი წარმომადგენლის ძალისხმევისთვის მათი მადლიერი არიან და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შეთანხმება არ შედგა, პროცესი ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო და სასარგებლო გამოცდილება მიიღეს. ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ „ევროპა დღეს კიდევ უფრო ერკვევა ჩვენს ვითარებაში და ქართველმა ხალხმაც უფრო ცხადად დაინახა, თუ ვის რა ინტერესები ამოძრავებს“.

ამ კვირაში, თბილისში ისევ უშედეგოდ დასრულდა ევროკავშირის მედიაციით, "ქართული ოცნების" და ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკება, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.

12-18 მარტის პირველი უშედეგო ეტაპის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში 27 მარტს დაბრუნდა, მხარეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა და 30 მარტს ხელმოსაწერად შესთავაზა კონკრეტული დოკუმენტი.

როგორც დანიელსონმა თქვა, წინადადებები ეხებოდა საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს, ძალაუფლების გადანაწილებას განსაკუთრებით პარლამენტში და საკვანძო პოლიტიზებულ სასამართლო საქმეებსა და ადრეულ არჩევნებზე გაგრძელებული დებატების დასრულებას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა სამწუხარო უწოდა იმას, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს წინადადებები არ მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG