Accessibility links

site logo site logo

„დემოკრატიის გზები არაცივილიზებულია“ — მარია ზახაროვა პოზნერის ვიზიტზე


„დემოკრატიის გზები არაცივილიზებულია: რთულ გზას გავდივართ ზურმუხტის ქალაქისკენ“, - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა პროტესტს თბილისში, ცნობილი რუსი ტელეწამყვანის, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით.

ზახაროვამ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გააზიარა რადიო თავისუფლების ვიდეო, რომელიც აჩვენებს ქართველი აქტივისტების მიერ კვერცხების დაშენას სასტუმროსთვის, რომელშიც პოზნერი რჩებოდა.

„რთულ გზას გავდივართ ზურმუხტის ქალაქისკენ“ არის სიმღერის ფრაზა რუსული მულტფილმიდან „ჯადოქარი ზურმუხტის ქალაქიდან“.

რუსეთის სახელმიწიფო პროპაგანდისტული ტელევიზიის სახე, ვეტერანი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში ჩამოვიდა 31 მარტს, საკუთარი 87 წლის იუბილის გადასახდელად. თბილისში მას პროტესტით დახვდნენ, წარსულში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო. პოზნერის აზრით, აფხაზეთი საქართველოს ნაწილი აღარასოდეს იქნება. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ იმასაც, რომ პოზნერს კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის უფლება მისცეს. ამასთან, ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები, ასევე, სასტუმრო, რომელშიც ისინი ვახშმობდნენ, დააჯარიმეს.

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და მას არ დაურღვევია „კანონი ოკუპაციის შესახებ“, რაც ვერ გახდებოდა მისი ქვეყანაში არ შემოშვების მიზეზი. უწყების ინფორმაციით, პოზნერთან ერთად ჩამოსულმა პირებმა წარმოადგინეს კოვიდ-პასპორტი, ან PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხიც.

საბოლოოდ, პირველ აპრილს, საკუთარ დაბადების დღეს, ვლადიმირ პოზნერსა და მის მეგობრებს რუსეთში დაბრუნება მოუწიათ, საპროტესტო აქციის ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG