Accessibility links

site logo site logo

ცხინვალის ციხის ყოფილი პატიმრის თანახმად, ზაზა გახელაძე ოჯახზე ნერვიულობს


ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული რამაზ ბეღელურის ინფორმაციით, საპატიმროში ცუდად არ ეპყრობოდნენ, ყურადღებას ექიმიც აქცევდა, მასთან ერთად მყოფი ოსი პატიმრები კი, ჰიგიენის ნივთებს და საჭმელს არ აკლებდნენ.

რამაზ ბეღელურმა, რომელიც ოსურმა მხარემ ქართველ სამართალდამცავებს დღეს გადასცა სოფელ ერგნეთის საგუშაგოსთან, ჟურნალისტებს უამბო, რომ ე.წ. საზღვრის დარღვევის გარემოებები პრაქტიკულად არ ახსოვს, რადგან ახლობლის ორმოციდან ბრუნდებოდა და ნასვამი იყო. ბეღელურის ინფორმაციით, დააკავეს სოფელ ხელჩუასთან, საიდანაც ჯერ დისევში მდებარე რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი ცხინვალში. დე ფაქტო სასამართლომ ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის შეუფარდა ერთი თვით პატიმრობა, რომელიც კიდევ ერთი თვით გაუგრძელეს.

ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ადრე ორჯერ დაკავებისგან განსხვავებით, ამჯერად, რამაზ ბეღელურს ჯარიმა არ გადაუხდია და ციხე მას შემდეგ დატოვა, რაც უკანონო პატიმრობის ვადა აღარ გაუგრძელეს.

„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების კომიტეტის თანახმად, 31 მარტს, ცხინვალის „სასამართლომ“ რამაზ ბეღელური დამნაშავედ ცნო „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში“ და ერთი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა, რის შემდეგაც, 1 აპრილს ქართულ მხარეს გადასცეს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიაანთკარის მცხოვრები 36 წლის რამაზ ბეღელური საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თებერვლის დასაწყისში უკვე მესამედ დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით. ბეღელური სოფლის მეურნეობას ეწევა და მისი მიწის ერთი ნაკვეთი საოკუპაციო გამყოფი ხაზის მახლობლად მდებარეობს.

ცხინვალის ციხიდან დღეს გათავისუფლებულმა რამაზ ბეღელურმა მედიას უამბო, რომ თავად იმყოფებოდა პირველ სართულზე მდებარე საკანში, ზაზა გახელაძე კი მესამე სართულზეა და არ უნახავს, თუმცა, სხვა პატიმრებისგან იცის, რომ თავს ცუდად გრძნობს და ოჯახზე ნერვიულობს.

რამაზ ბეღელური ცხინვალის ციხეში შეხვდა უკანონო პატიმარს, გენადი ბესტაევს. ბეღელურის თქმით, რამდენიმე ხნის წინ ბესტაევს ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაუკეთეს და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

რამაზ ბეღელურს ერგნეთში დახვდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე. მისი განცხადებით, უკანონო პატიმრის გათავისუფლება შესაძლებელი გახდა „ცხელი ხაზით“ აქტიური კომუნიკაციის შედეგად და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და გამოყენებული იყო ერგნეთის და ჟენევის მოლაპარაკების მექანიზმები.

ანთაძის თანახმად, სახელმწიფო ყველა საშუალებას მიმართავს ზაზა გახელაძის და სხვა უკანონო პატიმრების გასათავისუფლებლადაც, ამ მიზნით დიალოგი გრძელდება, თუმცა, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძეს 2020 წლის ზაფხულში დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის, მოგვიანებით ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობაშიც და 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები, 2019 წელს დაკავებული გენადი ბესტაევი ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ნარკოტიკის კონტრაბანდის ბრალდებით გაასამართლეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ერთწლიან უკანონო სასჯელს იხდის ლიახვის ხეობიდან დევნილი ლაშა ხეთერელი, რომელიც ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 2020 წლის ზაფხულში დააკავეს. ხეთერელი ამ ბრალდებით ადრეც არაერთხელ იყო დაკავებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG