Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე ჩინური ვაქცინის სიძვირესთან დაკავშირებით: არ არის ადვილი ვაქცინა აარჩიო ფასის მიხედვით


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

ძალიან დიდი დეფიციტია მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების და არ არის ადვილი ვაქცინა ფასის მიხედვით აარჩიოთ, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კითხვას იმის შესახებ, რატომ ყიდულობს ქვეყანა ჩინურ ვაქცინას მაშინ, როდესაც სხვები უფრო იაფია.

„ჩვენ ასტრაზენეკა კოვაქსის საშუალებით, სადაც ფასი ყოველთვის სხვა არის ჩვეულებრივ საბაზრო ფასთან მიმართებაში, ვიყიდეთ თუ არ ვცდები სადღაც 4 დოლარიდან 5 დოლარის ფარგლებში. ფაიზერიც ასევე კოვაქსის საშუალებით შემოვიდა არასაბაზრო ფასში და და მე მგონი ეს იყო სადღაც 11-12 დოლარის ფარგლებში. შეიძლება რაღაც პლიუს მინუს შევცდე. ჩინური ვაქცინა სინოფარმი, რომელსაც ვყიდულობთ უფრო ძვირია, დიახ, სადღაც 19-დან 20 დოლარის ფარგლებია. მაგრამ ამავე დროს არის მერე დონაცია სხვა ჩინური კიდევ ვაქცინის, რომელიც უფასოდ ეძლევა ქვეყანას. და ასევე თუ იქნა მეორე და მესამე მოწოდება იქ გათვალისწინებული იქნება ეს ფასები და დარწმუნებული ვარ საბოლოო ფასი ჩინური ვაქცინის არ იქნება დიდად განსხვავებული სხვა ჩვენს მიერ შეძენილი ვაქცინებისგან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ონლაინ პრესკონფერენციაზე. მისმა მოადგილემ პაატა იმნაძემ კი დასძინა, რომ საქმე მარტო ფასში არ არის და როცა ქვეყანას ვაქცინა არ აქვს, უნდა იყიდოს ნებისმიერი ვაქცინა, რისი ყიდვის შესაძლებლობაც გაუჩნდება.

ჩინური კომპანია "სინოფარმის" მიერ წარმოებულ 100 000 დოზას საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლოში ელოდებიან. ვაქცინას ამ დრომდე არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. ამირან გამყრელიძის განმარტებით, "სინოფარმთან" ერთად საქართველო საჩუქრად მიიღებს "სინოვაკის" 100 000 დოზას.

დღეს საქართველოში აცრა ორი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი''. ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 1 აპრილის 15 საათის მონაცემებით, საქართველოში ჯამურად 8536 მოქალაქეა აცრილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG