Accessibility links

site logo site logo

პოზნერის ჩამოსვლის საკითხზე ხოშტარია კობახიძეს პასუხობს


ელენე ხოშტარია

მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა ტელეკომპანია „ფორმულის" ეთერში მოძრაობა „დროა"-ს ლიდერი ელენე ხოშტარია. ის ამბობს, რომ რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ მთავრობას წინასწარ მიმართა.

„კობახიძეზე ბევრი დროის დახარჯვას არ ვაპირებ. აქ მთავარია, სახელმწიფო როგორ იქცევა მთლიანად. ინფორმაცია მქონდა იმ ფართო წრიდან, რომელიც მასპინძლობდა მას [პოზნერს], თუმცა ჩემი მიზანი არ ყოფილა იმ ქართველების გაშავება და დამუნათება, ვინც მასპინძლობდა. ეს არაა ჩემი საქმე, მორალი ვუკითხო ვინმეს, ვასწავლო ან მოვახვიო თავს ჩემი წარმოდგენა სახელმწიფოს ღირსებაზე. მე მთავარი პრეტენზია მაქვს მთავრობასთან, რომელსაც მივმართე. ხო შეიძლებოდა თუ მართლა პროვოკაცია გინდა, დაელოდო და მერე გამწვავება გინდოდეს. მივმართე კონკრეტული არგუმენტებით, რომ ამ კაცის შემოშვება იქნება პრობლემა და არ უნდა შემოუშვათ. ამის უფლება გაქვთ, მით უმეტეს, კონტექსტი იყო ნათელი. დაბადების დღის გადასახდელად რომ მოდიხარ, 21:00 საათზე ნომერში დაჯდომას ნამდვილად არ აპირებ", - თქვა ელენე ხოშტარია.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პოზნერის ჩამოსვლას ისეთი პოლიტიკოსები აპროტესტებდნენ, რომელსაც „ბევრად უფრო მძიმე" განცხადება აქვთ გაკეთებული. „ვინ არის ელენე ხოშტარია?! რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების დიპლომირებული სპეციალისტი... საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ისინი მარტო რუსულ საქმეს კი არ აკეთებენ, ისინი არიან რუსეთის აგენტები. როგორ იგებენ ისინი ყველაზე ადრე ასეთ ვიზიტებს?! ელენე ხოშტარია საიდან იგებს?! მესიჯების სქრინები რომ ჰქონდა, გამართული რუსულით დაწერილი. ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტურული ინტერესების შესაბამისად", - თქვა კობახიძემ.

ვლადიმირ პოზნერი, რომელიც 1 აპრილს 87 წლის გახდა, თბილისში გეგმავდა დაბადების დღის აღნიშვნას. რუსი ტელეწამყვანის ვიზიტის გამო წუხელ საპროტესტო აქციები გამართეს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.

პოზნერი დაგეგმილზე ადრე გაემგზავრა საქართველოდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG