Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირიკაშვილის შეფასებით, „ზღვარგადასული რეაქცია" დააზიანებს რუსეთიდან მისაღებ ვალუტის ნაკადს


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

რუსეთის „პირველი არხის" ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას „ფეისბუკზე" ეხმაურება ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. განცხადების დასაწყისში კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და გადაწყვეტილების სუვერენულად მიღების უფლება ხელშეუხებელი ფასეულობაა. „ნებისმიერი ადამიანის შეხედულება თუ გამონათქვამი, რომელიც პროპაგანდირებს საპირისპიროს, მიუღებელია და ისევე აღმაშფოთებელი, როგორც ყველა ქართველი პატრიოტისთვის. ასევე შეუძლებელია მოიწონო ანტიპანდემიური წესების დემონსტრატიულად დარღვევა", - აღნიშნავს ყოფილი პრემიერი.

ძირითად აქცენტს კი გიორგი კვირიკაშვილი აკეთებს საკითხისადმი მისი პრაგმატული ხედვის შესახებ. ის აღნიშნავს, რომ პოზნერის ჩამოსვლით გამოწვეული „ზღვარგადასული რეაქცია" დააზიანებს უცხოური ვალუტის შემოდინების იმ უმსხვილეს ნაკადს, რაც შეიძლებოდა საქართველოს მიეღო რუსეთიდან.

„ახლა ცოტა მეტი პრაგმატიზმით შევხედოთ ამ მოვლენას:

არაეკონომისტებისათვის ზედმეტად გავამარტივებ და მიზეზებზე არ შევჩერდები, ვინაიდან პოლიტიზირება შორს წაგვიყვანს - ქართული ვალუტის კურსი ძირითადად იმ 4 მატერიალურ ფაქტორს უჭირავს, რომელიც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლას განაპირობებს:

1. ექსპორტი

2. უცხოური ინვესტიციები

3. ფულადი გზავნილები

4. ტურიზმი

მეხუთე - არამატერიალური ფაქტორი - რომელიც განაპირობებს სრული დოლარიზაციისგან თავის შეკავებას და ანაბრების მნიშვნელოვანი მასის ეროვნულ ვალუტაში შენახვას, გახლავთ ადამიანების მოლოდინები და ზოგადი ოპტიმიზმის დონე", - აღნიშნავს კვირიკაშვილი.

როგორც ყოფილი პრემიერი აცხადებს, უცხოურ ინვესტიციებში არსებული მნიშვნელოვანი ჩავარდნის ნაწილობრივ მაინც დასაკომპენსირებლად მთავრობას გააჩნია ერთადერთი მოკლევადიანი ინსტრუმენტი - ტურიზმი, ვინაიდან ექსპორტზე ზეგავლენა მოკლე ვადაში პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო ფულადი გზავნილების რაოდენობაზე მთავრობას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. მისი შეფასებით, პრივატიზაციის გზით ინვესტიციების მიღებაც არსებულ სიტუაციაში ურთულესი ამოცანაა.

რაც შეეხება მეხუთე, არამატერიალურ ფაქტორს, კვირიკაშვილის განცხადებით, „მოსახლეობის ოპტიმიზმშიც ვერ გვაქვს საქმე კარგად".

როგორც მთავრობის ყოფილი მეთაური მიუთითებს, დარჩა ტურიზმი, რომლის დაბრუნებაც პანდემიამდელ მაჩვენებელზე გლობალური გამოწვევაა.

„იმ მწირი დებეტიდან, რაც საქართველოს ტურიზმში შემორჩა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც სახმელეთო საზღვარი გაგვაჩნია. ამ ოთხი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთაგან ტურისტის პროპორციული შემადგენელი ყველაზე მაღალი რუსეთიდან გვაქვს. ეს ყველაფერი მშრალი ფაქტებია.

შესაბამისად, წუხანდელი საღამო და ის ზღვარგადასული რეაქცია, რაც ვიხილეთ, გარდაუვალად დააზიანებს დარჩენილთა შორის ვალუტის შემოდინების იმ უმსხვილეს უცხოური ვალუტის ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან უმეტესად სახმელეთო, და ასევე საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისგან.

სამწუხაროდ, შედეგი სავალალო იქნება: საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობისთვის (არა მარტო მათთვის, ვინც ტურიზმით პირდაპირ თუ ირიბად სარგებლობს) ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება", - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

ვლადიმირ პოზნერი, რომელიც 1 აპრილს 87 წლის გახდა, თბილისში გეგმავდა დაბადების დღის აღნიშვნას. რუსი ტელეწამყვანის ვიზიტის გამო წუხელ საპროტესტო აქციები გამართეს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.

პოზნერი დაგეგმილზე ადრე გაემგზავრა საქართველოდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG