Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონაზონი სოსანა: ღამის ორ საათზე შეგვიფარა სხვა მონასტრის წინამძღვარმა


მარტვილის დედათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, სოსანა ბოლქვაძე, რომელიც ჭყონდიდში ახლად მივლენილმა ეპისკოპოსმა მეუფე სტეფანემ ჯერ წინამძღოლობიდან გადააყენა, შემდეგ კი ამ მონასტერში შესვლაც აუკრძალა, ამბობს, რომ 1 აპრილს, ღამის ორ საათამდე იდგა 67 წლის მორჩილ ნინო გამყრელიძესთან ერთად იმ მონასტრის კართან, სადაც 14 წელი მსახურებდა და საბოლოოდ ღამე სხვა მონასტერში გაათიეს.

"ვერ ვიტყვი იმ მონასტრის და წინამძღვრის სახელს, ვინც ჩვენ შუაღამისას შეგვიფარა, რომ ისიც არ გახდეს დევნის მსხვერპლი. რომ არა მოხუცი, უძლურებაში მყოფი მორჩილი, რომელიც მახლდა, მე ღამეს ჩემს მონასტერთან გავათენებდი იმ წვიმაშიც კი, მაგრამ წუხელ დავთანხმდი ამ კეთილ შეთავაზებას, ღამის სამის ნახევარი იყო, კელიაში რომ შევედით დასაძინებლად სულ სველები. ჩვენი მონასტრიდან მშრალი კაბების და ტანსაცმლის აღების უფლებაც კი არ მოგვცეს. ქრისტე ხომ ამბობს, ერთ ადამიანს რაც უყავით, მე მიყავითო. რა გამოდის, ქრისტე გააგდეს ეკლესიიდან? სად არის კათოლიკოს-პატრიარქი, აღარ გვყავს? ამას ასწავლის თავის მღვდელმთავრებს - სიმართლისთვის ხმის ამომღები, კანონის დამცველი ადამიანები დევნეთ ეკლესიიდანო?" - უთხრა რადიო თავისუფლებას მონაზონმა სოსანამ დღეს. ის მორჩილ ნინოსთან ერთად დღეს კიდევ ერთხელ შეეცდება, დაელაპარაკოს ეპისკოპოს სტეფანეს, რომელმაც იმ დროს, როცა მონასტრის კართან ქალები წვიმაში იდგნენ, ეპარქიის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა ბრძანება, რომელსაც, მისი წინა ბრძანებებისგან განსხვავებით, დოკუმენტის სახე არ ჰქონდა.

"მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო გამყრელიძე გაირიცხონ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან და სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში", - წერია ეპისკოპოსის ბრძანებაში, რომელიც ღამის 11 საათისთვის გამოქვეყნდა. დედა სოსანა ამბობს, რომ მან ამ ბრძანების შესახებ პოლიციისა და ჟურნალისტებისგან გაიგო, თვითონ არც ფეისბუკი აქვს და არც ეპარქიიდან ან საპატრიარქოდან უთქვამს ვინმეს, რომ მარტვილის მონასტრიდან გაძევებული იყო.

"იმ ღამეს ცაგერში და ლენტეხში ფეხით ხომ ვერ წავიდოდი? არც ვიცი, სად არის ლასურია? ან იქ გამწესება რატომ ნიშნავს იმას, რომ ღამე არ უნდა გაგვეთია ჩვენ მონასტერში - კარის მოკეტვა და არშეშვება, არაქრისტიანული კი არა, არაადამიანური საქციელია. ჩვენ მონასტერში უცხო ხალხს ვიფარებდით, ვკვებავდით, ვუვლიდით, ესაა ქრისტიანობა და არა ის მონური მორჩილება ეპისკოპოსის არასწორ ბრძანებებზე, რასაც სტეფანე ასწავლის თავის სულიერ შვილებს", - ამბობს დედა სოსანა.

მარტვილის მონასტერსა და ცაგერს შორის მანძილი ას კილომეტრამდეა და მის გავლას ავტომობილით დაახლოებით 2 საათი სჭირდება. მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო მარტვილის მონასტრის გარეთ კომენდანტის საათის დროს დარჩნენ.
მარტვილის მონასტერსა და ცაგერს შორის მანძილი ას კილომეტრამდეა და მის გავლას ავტომობილით დაახლოებით 2 საათი სჭირდება. მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო მარტვილის მონასტრის გარეთ კომენდანტის საათის დროს დარჩნენ.

ჭყონდიდის ეპარქიაში, ახლა სასულიერო პირები მარტვილის გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე იმყოფებიან და მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მისვლას აპირებენ. მონაზონი სოსანა ამბობს, რომ ლარუსიის მონასტერში წასვლას არ აპირებს და ეცდება, ეპისკოპოსი სტეფანე დაარწმუნოს იმაში, რომ არასწორია კითხვების დასმის გამო სასულიერო პირების დევნა. მონაზონს მხარდაჭერას უცხადებს ქალთა მოძრაობა, თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG