Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამინისტრო: 2085 საჯარო სკოლიდან სრულ დისტანციურ სწავლებაზე 52 სკოლაა გადასული


საქართველოს განათლების სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისათვის ქვეყნის 2085 საჯარო სკოლიდან სრულ დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 52 საჯარო სკოლა და 121 ცალკეული კლასი. 218 კერძო სკოლიდან კი დისტანციურ სწავლებაზეა 2 სკოლა და 17 ცალკეული კლასი.

საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვის მატებას შეეხო, განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ შექმნილ მდგომარეობას სამინისტრო საყურადღებოდ მიიჩნევს. მინისტრის მოადგილე თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს, ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 2020-2021 წლის მეორე სემესტრის დასრულება სკოლის შენობაში, ბუნებრივ გარემოში შეძლონ.

სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, უკანასკნელი ერთი კვირის მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0,02%-ს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 91 პედაგოგი იმყოფება.

სამინისტროს განმარტებით, ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება და სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედებენ.

სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში რამდენიმეთვიანი წყვეტის შემდეგ თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში 15 თებერვლიდან განახლდა. ორი კვირით ადრე სწავლა საკლასო ოთახებში აღდგა ბათუმის, ზუგდიდის, გორის, ფოთისა და თელავის სკოლებში. სხვა მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეები საკლასო ოთახებს 15 სექტემბრიდან დაუბრუნდნენ, თუმცა, კორონავირუსის შემთხვევების გამო, არაერთი სკოლა ისევ დისტანციური სწავლების რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 24 646 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 529 შემთხვევა. ნახევარზე მეტი - 281 თბილისში.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 13 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 326.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG