Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძის თქმით, ძნელი მოსათმენია, როცა „მამისტოლა კაცს" აგინებ


პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის შეურაცხმყოფელი ჟესტის შესახებ ილაპარაკა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

„ჩვენ ყველას გვაქვს თმენის ვალდებულება“, - აღნიშნა დეპუტატმა და დაამატა: „არ მგონია, თავად გიორგიმ თქვას, რა კარგი რამ გავაკეთეო, თუმცა მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს. მე ნამდვილად არ ვცდილობ ვიღაცის გამართლებას ან გამტყუნებას, მაგრამ, როდესაც მამისტოლა კაცს აგინებ, მონას ეძახი და ამ დროს შენი პროტესტი დაგეგმილია და სათავეში უდგას „ეფ-ეს-ბეს“ აგენტურა, შეიძლება, გულწრფელიც კი იყო ამ შემთხვევაში, მაგრამ დაორგანიზებულია ეს ყველაფერი „ეფ-ეს-ბეს“ აგენტურისა და რუსული საქმის მკეთებელი ხალხის მიერ, ეს ყველაფერი ძნელი მოსათმენია, თუმცა ამართლებს თუ არა, ეს მეორე საკითხია“.

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომების დაწყებამდე საპროტესტო აქცია გამართეს აქტივისტებმა. მათი პროტესტი საქართველოში რუსეთის „პირველი არხის“ ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის ჩამოსვლის გამოძახილი იყო. აქტივისტებს ჰქონდათ ტრანსპარანტები: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსული ოცნება“, „დიდება გმირებს“... მათ პარტიის ოფისის წინ სიმბოლურად მიიტანეს მავთულხლართი. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ადანაშაულებენ საქართველოში პოზნერის შემოშვების გამო.

გიორგი ვოლსკიმ პარტიის ოფისში შესვლამდე აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG