Accessibility links

site logo site logo

ნიკოლოზ სამხარაძე: ახალი ომის საშიშროება უკრაინაში არის ძალიან მაღალი


ნიკოლოზ სამხარაძე

უკრაინის საზღვართან და ყირიმში რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდას ეხმაურება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. ის ლაპარაკობს უკრაინაში ახალი ომის საშიშროებაზე.

„ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ვითარება, იმიტომ, რომ რუსეთმა გადასხა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალა ყირიმში, ასევე ხდება მობილიზაცია მისი შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ უკრაინის საზღვართან. აქედან გამომდინარე, ვითარების ესკალაცია და ახალი ომის საშიშროება უკრაინაში არის ძალიან მაღალი. ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი შეშფოთების საგანი, იმიტომ, რომ ახალი ომის დაწყება, რასაკვირველია, ძალიან ცუდად იმოქმედებს საქართველოს უსაფრთხოებაზე“, - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, უკრაინელ კოლეგასთან აქვს მუდმივი კონტაქტი. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ჩატარდა საგარეო კომიტეტების ერთობლივი სხდომა.

„ასე რომ, ჩვენი მხრიდან უკრაინას, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა ექნება, თუ ღმერთმა არ ქნას და მე ნამდვილად არ ვუსურვებ პირველ რიგში უკრაინას, რომ ომი დაიწყოს“, - თქვა სამხარაძემ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დასავლეთს მიმართა, რომ უკრაინის საზღვართან და ყირიმში მოსკოვი ზრდის თავისი შეიარაღებული ძალების რაოდენობას.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ, გამოაცხადა, რომ პენტაგონი ინფორმირებულია უკრაინის სამხედროების მიერ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების გადაადგილების შესახებ.

„რუსეთის მადესტაბილიზებელი ქმედება ძირს უთხრის სწრაფვას ვითარების განმუხტვისკენ, რომელსაც მიაღწიეს ეუთოს შუამდგომლობით დადებული შეთანხმების ძალით შარშან ივლისში, განაცხადა კირბიმ ბრიფინგზე, როცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ლაპარაკობდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ტელეფონით ესაუბრა უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას, ხოლო აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი დაუკავშირდა რუსეთის და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელებს, იტყობინებოდა 31 მარტს სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინას და გამოხატავს შეშფოთებას „რუსეთის მიმდინარე აგრესიის და აღმოსავლეთ უკრაინაში უსაფრთხოების მხრივ შექმნილი ვითარების გამო“.

რუსეთი უარყოფს თავისი ჯარის ყოფნას აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ის ეხმარება უკრაინელ სეპარატისტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG